Thumbnail

13 ყვითელი და ომი ნოუ კამპზე - ბარსელონამ ატლეტიკოს მოუგო

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბარსელონა 1:0 ატლეტიკო
  • ბარსამ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა

ესპანეთის ლა ლიგის ლიდერმა ბარსელონამ  30-ე ტურში "ნოუ კამპზე" მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ფერან ტორესმა შეაგდო. 

მატჩი სტუმართა შეტევით დაიწყო და ანტუან გრიზმანს ანგარიშის გახსნა პირველივე წუთზე შეეძლო, თუმცა ფრანგის დარტყმული ბურთი ბარსას კარის ხარიხას მოხვდა. მეორე შანსი გრიზმანმა 35-ე წუთზე მიიღო - ამჯერად "როხიბლანკოს" შემტევს მარკ ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა. პირველი ტაიმის მიწურულს რაფინიამ ფერან ტორესს კარგი პასი გაუკეთა, ბარსელონას ფორვარდმა ბურთი იან ობლაკის კარის მარცხენა კუთხეში ჩასვა - 1:0. 

პირველი ნახევრის მსგავსად, მეორე ტაიმშიც ბურთს, ძირითადად, ბარსელონა ფლობდა, ატლეტიკო კონტრშეტევებზე თამაშობდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. 62-ე წუთზე "ბლაუგრანას" რიგებში მეორე გოლის გატანა პედრის შეეძლო - ესპანელმა ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 10 წუთში შანსი რაფინიამ მიიღო, მაგრამ ბრაზილიელს ობლაკმა აჯობა. 77-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ რაფინიასთვის პასის ნაცვლად მომენტის თავად დასრულება გადაწყვიტა და ეს საკმაოდ ცუდად გამოუვიდა. 87-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ალვარო მორატასაც შეეძლო, ესპანელმა კი თავით არაზუსტად დაარტყა.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ატლეტიკოს ფეხბურთელები სერხიო ბუსკეტსის მიერ ხელით თამაშის გამო პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ხოსე მარია სანჩესმა სიტუაცია სხვანაირად შეაფასა. მატჩის დარჩენილ დროში ატლეტიკოს ფეხბურთელებმა მხოლოდ 2 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს, ჯამში მთავარმა მსაჯმა დიეგო სიმეონეს (ცხადია, ყვითელი ბარათის გარეშე გარეშე არც თავად "ჩოლო" დარჩენილა) გუნდის წევრები 9-ჯერ გააფრთხილა, ბარსელონას მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა. 

ბარსელონამ ამ გამარჯვებით 76 ქულა დააგროვა და ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს 65 ქულა აქვს, ხოლო ატლეტიკო 60 ქულით მესამეა. მომდევნო ტურში ბარსა გასვლაზე რაიო ვალეკანოს შეხვდება, ატლეტიკო კი, საკუთარ არენაზე მალიორკას მიიღებს. 

ბარსელონა 1:0 ატლეტიკო

გოლი: ფერან ტორესი (44)

კომენტარები

ბოლო ამბები