Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 102:93 კლივლენდ კავალიერსი
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 126:125 საკრამენტო კინგსი
  • ატლანტა ჰოუკსი 121:129 ბოსტონ სელტიკსი
  • მინესოტა ტიმბერვულვზი 114:108 დენვერ ნაგეტსი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფებში მორიგი გამორჩეული მატჩები გაიმართა. თითქმის ყველგან ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებული იყო და შეხვედრებს დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა.

პირველ შეხვედრაში ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ტომ ტიბოდოს გუნდმა 102:93 მოიგო, ბოლო პერიოდამდე მატჩი თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა. ნიქსს 29 ქულით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა, რომელიც 50%-იანი სიზუსტით ისროდა (11/22). ზუსტად იგივე პროცენტი ჰქონდა არ ჯეი ბარეტსაც - 26 ქულით ის ამ შეხვედრაში მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

კავალიერსის მხრიდან ორმაგი დუბლით გამოირჩა დარიუს გარლენდი, რომელმაც 23 ქულა და 10 პასი მიითვალა. კლივლენდელები გუნდის ლიდერმა, დონოვან მიტჩელმა დააღალატა, რადგან მან საერთო ჯამში 11 ქულა დააგროვა და აქედან მხოლოდ 2 მეორე ტაიმში. მას სროლის ძალიან ცუდი პროცენტიც ჰქონდა - მიტჩელმა თამაშიდან 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო. ამრიგად, ნიქსმა სერიაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა 3:1 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი მოგება სჭირდება.

გოლდენ სტეიტ უორიორსისა და საკრამენტი კინგსის მეოთხე შეხვედრა ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორი აფიშაც ჰქონდა. დეარონ ფოქსს სტივ კერის გუნდი კვლავ ვერ აჩერებდა, მაგრამ სტეფ კარის ლიდერობით უორიორსმა დრამატულ დაპირისპირებაში 126:125 მოიგო და სერია მაინც გაათანაბრა 2:2.

ფოქსს 38 ქულა ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ კარი 32 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო, თავისუფლად შეიძლებოდა ამ მატჩის ანტიგმირი გამხდარიყო. როცა საბოლოო სირენამდე 42.4 წამი იყო დარჩენილი, სტეფმა ტაიმაუტი მოითხოვა, რისი უფლებაც უორიორსს აღარ ჰქონდა. შესაბამისად, ტექნიკური საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მალიკ მონკმა ზუსტად გამოიყენა, შემდეგ კი ფოქსმა სამქულიანით სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. კარიმ შემდეგი შეტევა ვერ გამოიყენა და კინგსს შანსი დაუტოვა - უორიორსის მძიმე სიტუაციაში ჩაყენება მათ ყოფილ კალათბურთელს, ჰარისონ ბარნსს შეეძლო, რომელიც ბოლო წამებზე პერიმეტრზე მარტო დარჩა, მაგრამ არაზუსტად ისროლა.

ჯეისონ ტეიტუმისა და ჯეილენ ბრაუნის წყვილმა ბოსტონ სელტიკსს კვლავ მოაგებინა 129:121. "კელტების" წამყვანმა მოთამაშეებმა ატლანტა ჰოუკსთან 31-31 ქულა დააგროვეს და სერიაში ანგარიში 3:1 გახადეს.

საინტერესო ეპიზოდი დაფიქსირდა მეორე მეოთხედში - ჯეილენ ბრაუნს სროლის ძალიან ცუდი პროცენტი ჰქონდა, მას 7-დან მხოლოდ 1 ბურთი ჰქონდა ჩაგდებული, რის გამოც ტაიმაუტის დროს სპეციალური ნიღაბი მოიხსნა, რომელიც თებერვლის შემდეგ უკეთია. ამის შემდეგ მან 15-დან 11 სროლა გამოიყენა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ტრეი იანგს - მან 35 ქულითა და 15 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ ეს ჰოუკსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყველაზე დაძაბული ბოლო შეხვედრა გამოდგა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. მინესოტა ტიმბერვულვზმა დენვერ ნაგეტსი 114:108 დაამარცხა და სერიაში შანსი შეინარჩუნა 1:3. ნიკოლა იოკიჩმა 43 ქულით პლეი ოფებში თავისი შედეგი გააუმჯობესა, მას ასევე 11 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა.

გადამწყვეტი ამ შეხვედრაში მესამე მეოთხედი იყო, რომელშიც მინესოტამ 23:9 გაქცევა მოახერხა. ენტონი ედვარდსმა 34 ქულიდან 16 სწორედ ამ მეოთხედში დააგროვა. კარლ ენტონი ტაუნსმა და რუდი გობერმა ორმაგი დუბლები გაიფორმეს. ტაუნსს 17 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, გობერმა კი 12 ქულასა და 15 მოხსნას მოუყარა თავი.

კომენტარები

ბოლო ამბები