Thumbnail

არის ერთი კარგი წიგნი, რომელიც სპორტის ამერიკულ სახეობებში ჩემპიონების, ძალიან დიდი, ლეგენდარული მოთამაშეების ფსიქოლოგიას იკვლევს. მათ, ანუ მაიკლ ჯორდანებს და კობი ბრაიანტებს ერთი საერთო აქვთ: არასოდეს აიგივებენ თავის თავს მარცხთან, წაგებასთან. ეს ის ხალხია, რომელთა ფსიქიკას წაგება დაღს ვერ ასვამს. თუკი მარცხი შენი მენტალობის ნაწილი დიდი ხნით გახდა, ის შემდეგ მთლიანად გცვლის - ცვლის შენს აზრებს, მენტალობას, ფსიქიკას და მერე ეს ფიზიკურ მონაცემებზე და თამაშზეც აისახება. წაგებულის აზრებით ვერაფერს მოიგებ. ამიტომ, მარცხის მალე დავიწყება ძალიან ჩემპიონური უნარია.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი და რა შუაშია ხვიჩა კვარაცხელიასთან?!

იმ შუაშია, რომ მგონია, იუვენტუსთან გასვლითი შეხვედრა ხვიჩასთვის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო - ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც. მილანთან ძალიან საწყენი მარცხის და ვერგატანილი პენალტის შემდეგ ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ ითამაშებდა ხვიჩა და მთლიანად ნაპოლი. ამ თამაშს ბევრი რამისთვის უნდა გაეცა პასუხი - მათ შორის იმისთვის, თუ როგორ მოახერხებდა ხვიჩა ვერგატანილი პენალტიდან და მისთვის, პირად დონეზე ძალიან კარგი, თუმცა გუნდისთვის წარუმატებელი შედეგით დასრულებულ მატჩთან დისტანცირებას - რა რეაქცია ექნებოდა მასზე.

'ბოლო ორ შეხვედრაში სხვა ტენდენცია დავინახეთ - უფრო მნიშვნელოვანი ალბათ, ვიდრე გოლი ან საგოლე პასია'

იუვენტუსთან პირველი ტაიმი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხვიჩას ნეაპოლურ კარიერაში. საუკეთესო იყო იმის მიუხედავად, რომ სხვა შეხვედრებში ჯადოსნური გოლები და საგოლე პასები ჰქონია. ამის მიუხედავად, ბოლო ორ შეხვედრაში სხვა ტენდენცია დავინახეთ - უფრო მნიშვნელოვანი ალბათ, ვიდრე გოლი ან საგოლე პასია.

ეს ტენდენციაა, რომ ნაპოლი კვარას გუნდად იქცა. გუშინ, ნაპოლი, რომელსაც არცთუ ისე კარგი დროება ედგა, რომელმაც სიმსუბუქე და სილაღე დაკარგა, ფორმიდან ამოვარდა და გოლის გატანა უჭირს, მთლიანად ხვიჩაზე თამაშობდა. ისევე, როგორც მილანთან შეხვედრაში ყველა პასი, ყველა მოძრაობა ორიენტირებული იყო ხვიჩასკენ, რათა მას რამე მოეფიქრებინა. ის იყო გუნდის ძირითადი, მომენტებში ერთადერთი იარაღიც. ზოგადად, ნაპოლი ცოტა დაიღალა და გუნდის ვერცერთ ლიდერზე, თვით ვერც ვიქტორ ოსიმენზე ვერ იტყვი ახლა, რომ კარგ ფორმაშია. ამიტომ, ყველაფერი კვარაზე გადის და კვარასკენ მიდის.

მილანთან მატჩის შემდეგ ხვიჩა ძალიან აქტიური და აგრესიული იყო - მიდიოდა მოტყუებაზე, შედიოდა ცენტრში, ურტყამდა შორიდან, საშუალო დისტანციიდან და საჯარიმოდანაც, განსაზღვრავდა შეტევის ტემპს, რიტმს და მიმართულებას. მიდიოდა პრესინგში. თამაშის გაძღოლა ჰქვია მაგას.

აქამდე, ხვიჩა უფრო ამ გუნდის მოულოდნელი დამატება, იქს-ფაქტორი იყო. ნაპოლის სათამაშო ღერძი და სტრუქტურა დაცვაში კიმზე, ნახევარდაცვაში ლობოტკაზე, ხოლო შეტევაზე ოსიმენზე იყო აწყობილი. ხვიჩა ამ სტრუქტურას აფერადებდა, მოულოდნელობას და ჯადოსნობას სძენდა, თუმცა სისტემა მის გარშემო არ იყო აწყობილი. ბოლო ორ თამაშში ვნახეთ, რომ იმ დაღლის და მინი-კრიზისის ფონზე ნაპოლის სისტემა ხვიჩას მოერგო, თუ პირიქით, მან თვითონ მოარგო თავის თავს.

'გატიმ კვარას სახეში მას შემდეგ ჩაარტყა, როცა მისი პრესინგის და ართმევის შედეგად ბურთი დაკარგა. მცველებს არ უყვართ, როცა ბურთს კარგავენ'

დრიბლინგის, თამაშის გაწვავების, კარში დარტყმების მიღმა თვალში მომხვდა, რამდენად უკეთესი გახდა ართმევაზე, თუნდაც სეზონის დასაწყისთან შედარებით. გუშინ მხოლოდ პირველ ტაიმში პრესინგში სამი ართმევა დავთვალე. ნიშანდობლივია, რომ ფედერიკო გატიმ კვარას სახეში მას შემდეგ ჩაარტყა, როცა მისი პრესინგის და ართმევის შედეგად ბურთი დაკარგა. მცველებს არ უყვართ, როცა ბურთს კარგავენ - შემტევს აქვს ბურთის დაკარგვის უფლება, მცველს კი - არა.

გარდა ამისა, ამ დროს ძალიან სახიფათო მომენტი შეიძლება შეიქმნას, რადგან დაცვა ბურთის დაკარგვის დროს მოუმზადებელი და დაულაგებელია. გატი გაძევებას იმსახურებდა. თუმცა, ეს მომენტი სხვა კუთხითაც იყო საინტერესო. გატის აგრესია მეტოქის ლიდერის მიმართ აგრესია იყო, იმ მოთამაშის მიმართ, ვისაც ვერ უმკლავდები, ამის გამო ბრაზდები, თავს კარგავ და ძალადობაზე გადადიხარ. სუფთა საფეხბურთო ფილოსოფიით ეს აგრესია კვარას დაფასებასაც ნიშნავდა - ვის ურტყამენ ყველაზე მეტად?! მაგარ ფეხბურთელებს - მათ, ვისაც ვერ უმკლავდებიან.

სერ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა რამდენიმე კრიტერიუმი მოთამაშის შერჩევის, პირველ რიგში კი, მისი ხასიათის გამოვლენის. ამას ის თავის წიგნში აღწერს. ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, თუკი მოწინააღმდეგის ფანებს ამ მოთამაშის წინააღმდეგ სიმღერები აქვთ მოფიქრებული და ის სძულთ. აქაც იგივე პრინციპია - სიძულვილი და აგრესია დაფასების ნიშანიც არის. ლიდერები სძულთ.

ზოგადად, იტალიაში კვარას ფიზიკური აღნაგობა, აგებულება და ათლეტიზმი საგრძნობლად შეიცვალა. უფრო ათლეტური გახდა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბევრად უფრო მეტი კუნთური მასა აქვს, თან ისე, რომ სისწრაფე საერთოდ არ დაუკარგავს.

ნიშანდობლივია, რომ ის აწვდიდა სტანდარტებს და ამას ძალიან სახიფათოდ აკეთებდა. გარდა იმისა, იმ ფონზე, როცა მეტოქე ყოველთვის სულ მცირე ორი მოთამაშით ეთამაშება, ძალიან კარგად ცვლის ხოლმე ფლანგს და გადააქვს ბურთი თავისუფალ ზონაში. იმ უპირატესობას, რომელსაც ორმაგი და სამმაგი მეურვეობა ქმნის, ის ძალიან კარგად იყენებს.

თვალში მომხვდა, რომ კვარას მეურვეობა კუადრადოს და გატის ჰქონდათ ჩაბარებული და მათ ჯერ მირეტი და მერე ფაჯოლიც ეხმარებოდა. სულ მცირე ორი კაცი იყო. საპირისპირო ფლანგზე ლოსანოს წინააღმდეგ მუდამ ერთი მოთამაშე თამაშობდა. მექსიკელის წინააღმდეგ იუვენტუსი ორმაგი მეურვეობით და ექსტრადაზღვევით თავს არ იწუხებდა. ისევ და ისევ მეტოქის მიერ დაფასების და გუნდის ლიდერობის ამბამდე მივდივართ.

მილანთან და იუვენტუსთან შენი გუნდის თამაშს რომ მთლიანად მიუძღვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. თანაც ისე, გუნდი, რომ მუდამ გეძებს, სად ხარ და ბურთი შენამდე, როგორ მოიტანოს.

ერთი ფაქტორიცაა: გვახსოვს ალბათ, სეზონის პირველ ნახევარში სპალეტი კვარას 60-70 წუთში ცვლიდა ხოლმე. ერთხელ ახსნა კიდეც, რატომ აკეთებდა ამას. მისი თქმით, კვარას ემოციური ჩართულობა თამაშში იმდენად დიდია, რომ იოლად იღლება. ყველაზე რთული დაღლა ემოციური დაღლაა და არა ფიზიკური. სტრესის, დაძაბულობის და ნერვების დაღლა. ემოციურ წნეხში ათი ათასობით ადამიანის წინ თამაშს თავისი ნერვული დატვირთვა აქვს. თუ მიჩვეული არ ხარ, 5 და 10 წუთშიც დაიღლები. მაგალითად, თქვენ, რაც არ უნდა დარბოდეთ, სულაც მარათონელი რომ იყოთ, როგორც ტრიბუნების წინაშე გახვალთ, მაშინვე დაიღლებით - დაძაბულობა, ემოცია, კონცენტრაცია და ნერვები დაგღლით. სეზონის სტარტზე კვარასთან ეს ფაქტორი უფრო მუშაობდა.

ახლა პირიქით იყო. მილანთან ძალიან დაძაბული და ემოციური მატჩის შემდეგ ხვიჩა ემოციურ დონეზეც მსუბუქი და მოტივირებული იყო. და არა დაცლილი და გადაღლილი. ამ კუთხით, მას უდიდესი პროგრესი აქვს. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში შეუძლია გავიდეს და კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატაროს იუვენტუსთან. ემოციურ, ფსიქოლოგიურ დონეზე მილანის თამაში, რამდენად სწრაფად გადახარშა, ამის თქმა მინდა.

ტექნიკურ დონეზე თითქოს ახალი არაფერი, მაგრამ გუშინ მის ხასიათზე და ფსიქოლოგიაზე ბევრი რამ გავიგეთ. ნაპოლი მისი გუნდი ხდება, იმიტომ რომ ხასიათით ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები