- ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალური სერიები დაძაბულია
- ორივე წყვილში გამარჯვებული მე-3 მატჩში გაირკვევა
გორსა და ქუთაისში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩების შემდეგ ორივე სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ფინალისტები გადამწყვეტ დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
გორმა თსუ 2-ს საკუთარ კედლებში უმასპინძლა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა და საბოლოოდ გორი-ს გამარჯვებით 4:3 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1:1). ოცდამეათე და ოცდამეთორმეტე წუთებზე გატანილი გოლებით სტუდენტები წინ გავიდნენ, მაგრამ ილია ლუკაშვილმა მიღებულ ბურთებს ერთწუთიან ინტერვალში დუბლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა (3:3). გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა. დამატებითი დროის მიწურულს გიორგი ქურციკიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გორმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

დრამატული გამოდგა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული დაპირისპირება ქუთაისი 2-ს და წალენჯიხას შორის. მეგრელებმა ანგარიში მეოთხედ ბოლო წამებზე გაათანაბრეს (4:4) და პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვეს. პირველ ტაიმში ქუთათურები წინ ორჯერ გავიდნენ. ალექსანდრე ღვინჯილიამ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. მეორე ნახევარში გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს. ბოლო წუთზე ქუთაისი ავტოგოლით დაწინაურდა და ფინალის საგზურთან ახლოს იყო, მაგრამ სირენამდე ოთხი წამით ადრე ზურაბ ღვინჯილიამ შორეული მანძილიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა. ორივე დამატებითი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში კი წალენჯიხამ მეტოქეს 5:4 სძლია.

ქუთაისი 2-სა და წალენჯიხას შორის მესამე მატჩი 29 აპრილს გაიმართება, გორი და თსუ 2 ფინალისტის გამოსავლენად ერთმანეთს 1 მაისს დაუპირისპირდებიან.
21.04.2023. 1/2 ფინალი (2). ფუტსალის ლიგა 2
გორი 3:3 (დ.დ. 1:0) თსუ 2
22.04.2023. 1/2 ფინალი (2). ფუტსალის ლიგა 2
ქუთაისი 2 4:4 (დ.დ. 0:0, პ. 4:5)
ფუტსალის ლიგა 2-ის განმეორებითი 1/2 ფინალების სიმბოლური ნაკრები

კომენტარები