- ბოსტონ სელტიკსი 117:119 ატლანტა ჰოუკსი
- ატლანტას ტრეი იანგმა ბოლო წამებზე მოაგებინა
- ბუკერის დღესასწაული - ფინიქსმა კლიპერსი გააგდო და დენვერი ელის
ბევრი ფიქრობდა, რომ ბოსტონსა და ატლანტას შორის მე-6 თამაში აღარ იქნებოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ატლანტას ლიდერი ტრეი იანგი. არ ფიქრობდა ბოლო წამებამდე და არც მაშინ, როცა ის ფანტასტიკური სამქულიანი ისროლა…
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე: სწორედ ტრეი იანგის გადასარევი სროლის დამსახურებაა ის, რომ მე-6 თამაში დაინიშნა. იანგმა საფინალო სირენამდე 1,8 წამით ადრე თამაში, როგორც სჩვევია, თავის თავზე აიღო, შორი დისტანციიდან სამიანი ისროლა, ჩააგდო და ატლანტას მოაგებინა. სერიაში ანგარიში 3:2 გახდა - ბოსტონის სასარგებლოდ, როგორც მიხდვით.

უფრო მეტიც: ტრეის გრანდიოზული One-Man-შოუ ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებში და ატლანტას უკანასკნელი 14 ქულა მის ანგარიშზეა. საერთო ჯამში იანგმა მარტო ბოლო მეოთხედში 16 ქულა ჩააგდო, სულ კი თამაშში 38 ქულა დააგროვა (14/33). გარდა ამისა, მას 13 ასისტიც ჰქონდა.
შესაბამისი იყო ატლანტას მთავარი მწვრთნელის, ქუინ სნაიდერის კომენტარიც: “ტრეიმ მთელი მეოთხე პერიოდი ზურგით გვატარა და ვფიქრობ, ის იტყვის, რომ მთავარი გუნდია. ასეცაა, რადგან ამ გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა.”
დეჯონტე მარის გარეშე მოთამაშე ატლანტა თავიდანვე მაგარ წინააღმდეგობას უწევდა ბოსტონს, მაგრამ მეორე პერიოდში სელტიკსმა 13:5 გაქცევა მოახერხა. ბოსტონი მეოთხე პერიოდამდე ლიდერობდა, მერე კი სტუმრებმა არა მარტო დაბრუნება, არამედ თამაშის შეტრიალებაც მოახერხეს, რაც, როგორც უკვე ვთქვით, პირველ რიგში ტრეი იანგის დამსახურებაა. სწორედ იანგი გახლდათ ის კაციც, ვინც სამქულიანით 15:2 გაქცევა სრულყო და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ტაბლოზე 111:111 დააფიქსირა.
იანგი თამაშის საუკეთესო მექულეც გახდა (38). ჯონ კოლინზმა ატლანტას 22 ქულა შემატა. ბოსტონიდან საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ 35 ქულით, ჯეისონ ტეიტუმმა კი 19 ქულა დააგროვა, ხოლო დერიკ უაითმა - 18.
მე-6 თამაში პარასკევს გამთენიისას, ატლანტაში გაიმართება.
კომენტარები