Thumbnail

თავად მაიამელების და უშუალოდ ჯიმი ბატლერის გარდა ამაზე ალბათ მართლა არავინ ფიქრობდა: ეს ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა მათ შორის, რაც NBA-ს პლეი ოფებში ოდესმე გვინახავს.

რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი, აბსოლუტურად მოულოდნელად, პლეი ოფის პირველივე წრიდან გავარდა. მილუოკი ბაქსმა მაიამი ჰიტთან მეხუთე თამაში წააგო და მესამე ჩემპიონობაზე ფიქრი ძალიან ნაადრევად დაასრულა.

ჯიმი ბატლერი შეუდარებელი იყო

თამაში ნამდვილი ტრილერი გამოვიდა და ამ დრამატიზმის სიტყვებით გადმოცემა ადვილი არ არის - უმჯობესია, პირდაპირ მომენტები ნახოთ. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, რომელშიც ფლორიდელებმა იანის ანტეტოკუნმპოს გუნდი საბოლოოდ 128:126 დაამარცხეს და სერიაში 4:1 დააფიქსირეს.

მაიამიმ ამ გამარჯვებით ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა: NBA-ს პლეი ოფის პირველ წრეში მერვე გუნდს პირველი გუნდი გაეგდოს, ასეთი რამ ბევრჯერ ნამდვილად არ მომხდარა! რომელ გუნდებს ჰქონდათ ეს მოხერხებული? დენვერ ნაგეთსს (1994 წელს სიეტლი გააგდო), ნიუ იორკ ნიქსს (1999 წელს მაიამი გააგდო), გოლდენ სტეიტს (2007 წელს დირკ ნოვიცკის დალასი გააგდო) და მემფისს (2011 წელს სან ანტონიო გააგდო). ბოლოს ასეთი რამ ფილადელფიამ გააკეთა 2012 წელს, როცა ჩიკაგო ბულსი სერიაში 4:2 დაამარცხა და მერე ბოსტონთან წააგო.

მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც 46 წუთი ითამაშა და 42 ქულა ჩააგდო (17/33). ცენტრმა ბემ ადებაიომ მაიამის სამმაგი დუბლი შესძინა (20 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი).

“ჩემს თანაგუნდელებს სწორედ ასეთ ფორმაში ვჭირდები,” - თქვა მატჩის შემდეგ ბატლერმა, - “ასე გავაგრძელებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება, 40 ქულას, 50 ქულას, ან ნულ ქულას და სამაგიეროდ 12 ასისტს.”

მილუოკიდან, ცხადია, იანისი იყო საუკეთესო, რომელმაც ასევე შთამბეჭდავი სტატისტიკა დადო: 38 ქულა და 20 მოხსნა. თუმცა იანისს 7 დაკარგვაც ჰქონდა და 13 (!) საჯარიმო გააფუჭა (10/23 ჯარიმები). 

მეორე წრეში მაიამი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება, რომელმაც კლივლენდ კავალიერსი ჯამში 4:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები