Thumbnail

იუვენტუსს კრიზისული პერიოდი აქვს, რაც არა მხოლოდ სპორტულ შედეგებში ჩანს. გუნდის შიდა ატმოსფეროც არ არის მშვიდი, რაზეც ნათლად მეტყველებს ბოლოს დროს მომხდარი ინციდენტები.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ინტერთან მატჩის შემდეგ ტურინელთა მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "ნერაძურის" მენეჯერებს, დარიო ბაჩინსა და ჯუზეპე მაროტას ეჩხუბა: "განავლები ხართ! ბოლოს მაინც მე-6 ადგილზე იქნებით", - უყვიროდა თურმე ალეგრი გასახდელში ინტერის ბოსებს.

მერე ალეგრიმ თავისი ფეხბურთელების დამუხტვა სცადა და მათ მიმართა: "ისინი ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა გავუშვათ!" ცხადია, ალეგრიმ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ინტერი სერია A-ში მე-6 ადგილზეა და ოთხეულში მოხვედრა გარანტირებული არ აქვს, იუვენტუსი კი მისი ერთ-ერთი კონკურენტია.

აღსანიშნავია, რომ ალეგრი და მაროტა კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდნენ, თავის დროზე იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად სწორედ ბეპემ დანიშნა, რომელიც მაშინ იუვენტუსის სპორტული დირექტორი იყო, ხოლო 2021 წელს მის ინტერში გადაბირებასაც ცდილობდა.

ალეგრი და მაროტა ერთად იუვეში 2014-2018 წლებში მუშაობდნენ

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტურინული კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრი მეტოქეს თავს დაესხა. მაგალითად, 5 დღის წინ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ ალეგრის ასისტენტი მარკო ლანდუჩი ლუჩანო სპალეტის ემუქრებოდა: "მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ!" ლანდუჩი ამის გამო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და ფინანსურად დაჯარიმდა, ალბათ, ალეგრისაც დაეკისრება სანქცია.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ინტერთან იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 0:1 წააგო და ფინალში ვერ გავიდა. ტურინულ გრანდს საშინელი პერიოდი აქვს, ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, ბოლო ოთხი კი სულაც ვერ მოიგო (1 ფრე, 3 წაგება).

კომენტარები

ბოლო ამბები