- მაიამი ჰიტის კულტურა და ფასეულობები პატ რაილიმ შექმნა
- მაიამი ლიგაში ყველასგან გამორჩეული ორგანიზაციაა
- ჯიმი ბატლერი რაილის გუნდისთვის იდეალური ვარსკვლავია
"წარუმატებლობისას ლიდერები პირველივე ღია კარიდან არ გარბიან" - ეს პატ რაილის ფრაზაა, 2014 წლის ზაფხულიდან და ლებრონ ჯეიმსი რომ სან ანტონიოსთან უშანსოდ წაგებული ფინალის შემდეგ მაიამიდან კლივლენდში წასვლას აპირებდა, იმ პერიოდს ეხმიანება.
ეს ფრაზა ძალიან კარგად აღწერს იმ კონტრასტს, იმ უფსკრულს ორ სამყაროს შორის, რომელსაც რაილი და მის მიერ შექმნილი მაიამის კულტურა და ლებრონ ჯეიმსი წარმოადგენდა. რაილის აზრით, სირთულეებს, პრობლემებს უნდა შეხვდე, შეებრძოლო და გადაჭრა. ლებრონი ის ადამიანია, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ სირთულეების არ ეშინია, თუმცა ასეთ რამეებს ბიზნესის პერსპექტივიდან უდგება - მან დაიწყო სუპერვარსკვლავებს შორის გუნდების პირადი ხედვების თუ ინტერესების მიხედვით არჩევა და გადაწყობა. დაბერდა მაიამის შემადგენლობა და უეიდს მუხლები აწუხებს?! "მაშინ, მოდი ახალი საჩემპიონო თავგადასავალი კლივლენდში დავწეროთ - მშობლიური ქალაქია, არასოდეს არაფერი მოუგიათ და იქ ჩემპიონობას დიდი ფასი ექნება და თან ახალგაზრდა კაირი ირვინგი და კევინ ლავი მელოდებიან."
წავიდა კაირი ირვინგი და ორგანიზაციის პრეზიდენტი ახალ ვარსკვლავებს აღარ გვპირდება?! მაშინ ლეიკერსში წავიდეთ და იქ ავაშენოთ საჩემპიონო გუნდი - ლოსანჯელესელთა რესურსებით ეს მიღწევადი ამოცანაა. დაახლოებით ასე მუშაობს ლებრონის ლოგიკა.
საინტერესოა, რომ ლებრონი კლივლენდში წარუმატებლობების შემდეგ მაიამიში, პატ რაილისთან სწორედ ამ კულტურის, ამ ორგანიზაციის ფასეულობების და სამუშაო ეთიკის გამო მივიდა. მაშინ "მეფე ჯეიმსზე" ამბობდნენ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს, გადამწყვეტ სიტუაციებში იბნევა და სხვა მსგავს არცთუ ჭკვიანურ რამეებს. სწორედ ამიტომ წავიდა მაიამიში პატ რაილისთან და დუეინ უეიდთან და არა მაგალითად, ძალიან ელიტურ და ტრადიციულ ნიუ იორკ ნიქსში.

ზოგადად, სიტყვა კულტურას NBA-ს გუნდებს შორის ყველაზე ხშირად გაიგებთ. ამ კულტურის გარეშე ჩემპიონი ვერ იქნები, თუმცა ეს უფრო ბიზნესის, ორგანიზაციის კულტურაა, ვიდრე ქალაქის, შტატის, საზოგადოების. ამ მხრივ, NBA დიამეტრულად განსხვავდება ფეხბურთისგან. ფეხბურთი, პირველ რიგში, თავისი ქალაქის, თავისი საზოგადოების, მისი გულშემატკივარის კულტურას, ფასეულობებს, ცხოვრების წესს და იდეალებს განსახიერებს. რეალის და ბარსას ომი პირველ რიგში ფასეულობათა, მსოფლმხედველობათა დაპირისპირებაა. კალათბურთში სხვანაირადაა. აქ ორგანიზაციას ხშირად არცთუ ისე მყარი ბმები აქვს თავის ქალაქთან - ხალხი აქ სპორტზე უფრო გასართობად დადის, ვიდრე სპორტულ მოედანზე თავისი იდენტობის, ფასეულობების, სტილის თუ იდეალების დასაცავად და საგულშემატკივროდ.
ეს სხვაობა თვალში გულშემატკივრის დონეზეც მომხვედრია. NBA-ს რეგულარულის თამაშზე ხალხი თამაშის სამი მეოთხედი გადის, ერთმანეთს ესაუბრება, დარბაზში მიდის ჭამა-სმა და იქაური გულშემატკივარი უფრო კინოში მისულ ხალხს ჰგავს. დაძაბულობა მეოთხე მეოთხედიდან იწყება. ევროპული საფეხბურთო გულშემატკივარი სხვაა - ის იქ თავს გუნდს, თავის იდეალებს და ფასეულობებს იცავს "მტერთან" ბრძოლაში. ჩართულობის და მოტივაციის სხვა დონეა ხოლმე - ჩემი თვალით ნანახ დაკვირვებას ვამბობ.
'მაიამიში სუპერვარკვლავები გუნდის სულს, მის სტილს, სამუშაო ეთიკას და კულტურას უნდა მოერგონ'
რამდენი გუნდი იცით NBA-ში თავისი ისტორიული, კულტურული იდენტობით?! ბოსტონი, ლეიკერსი - შეიძლება ნაწილობრივ ფილადელფია, სან ანტონიო, დეტროიტი და ნიუ იორკ ნიქსიც. ავიღოთ, მაგალითად, ჩიკაგო - ჯორდანის ლეგენდარული გუნდი, ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქიდან. ჯორდანამდე ჩიკაგო გამოხატავდა რაიმეს? ჯორდანის შემდეგ? ჯორდანის დროსაც ის გამოხატავდა ჯორდანის სტილს, სუპერვარსკვლავზე მიბმული იდენტობა ჰქონდა.
ასეა ახლაც - მილუოკის სტილი და იდენტობა იანისზეა მიბმული, დალასის - დონჩიჩზე და ა.შ. სუპერვარსკვლავი იმდენად დიდი და იშვიათი აქტივია, რომ ორგანიზაცია მზად არის, ყველაფერი, მათ შორის საკუთარი სტილი და ხასიათი, მას მოარგოს.
ამ ორგანიზაციებს შორის მაიამი ჰიტი გამონაკლისია. აქ სუპერვარკვლავები გუნდის სულს, მის სტილს, სამუშაო ეთიკას და კულტურას უნდა მოერგონ. სწორედ ამიტომ არ დაუწყია პატ რაილის ლებრონისთვის რბილად და ლამაზად ლაპარაკი, როცა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა დღის წესრიგში.
თავის დროზე, როცა ჯეიმსი სწორედ მის გუნდში გახდა ჩემპიონი, რაილიმ აღნიშნა, რომ კლივლენდს, ლებრონის წინა, მშობლიურ გუნდსა და მაიამის შორის განსხვავება დამოკიდებულებაში იყო. კლივლენდი ლებრონს არასოდეს აკრიტიკებდა. პირიქით, თითოეული წარუმატებლობა ყველა სხვას ბრალდებოდა - მწვრთნელებს, მოთამაშეებს, არგამართლებას, სხვა, მეორე ვარსკვლავის გუნდში არყოფნას ა.შ. და, არა პირადად ლებრონს.
ორგანიზაცია იმდენად ბედნიერი იყო იმით, რომ გაუმართლა და ლებრონი მის რიგებში აღმოჩნდა, რომ მას სასათბურე, ზედმეტად კომფორტული პირობები შეუქმნა. მაიამის შემთხვევა სხვა იყო - დალასთან პირველ წელს წაგებული ფინალის შემდეგ მთავარი კითხვა და პრობლემა ორგანიზაციას სწორედ ლებრონთან ჰქონდა: "ფინალებში სად იყავი?" ამ ზეწოლამ, მოთხოვნის, პასუხისმგებლობის კულტურამ ლებრონი სხვა, კიდევ უფრო სრულყოფილ მოთამაშედ აქცია - მენტალურად და ფსიქოლოგიურად მაინც. იდეაში მაიამიში ის სწორედ ამისთვის მივიდა.
ამ ყველაფერს, მაგალითად, ვერ მოერგო შაკილ ო'ნილი და რაილისთან კონფლიქტის შემდეგ გუნდიდან წასვლა სკანდალით და ძალიან ცუდი სცენებით მოუწია. შაკი ამტკიცებდა, რომ ტრავმირებული იყო და თამაში არ შეეძლო. რაილი ამტკიცებდა, რომ ის ამას იგონებდა და მაინც უნდა ეთამაშა. მთავარი ის იყო, რომ გართობის და სიზარმაცის მოყვარულ შაკს მაიამის რკინის წესრიგი, ჯარისკაცული დისციპლინა, ყველაფერის დეტალებში ორგანიზების სურვილი და მუდმივი ბრძოლის და გამოწვევის გარემო არ მოსწონდა. იყო სრულიად პროზაული კონფლიქტები, მაგალითად, წონაზე. მაიამიში ერთ გრამზეც კი მაგრად დაისჯები. შაკი წონაზე დიდად არ დარდობდა - კაცი NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი იყო. "არასოდეს მინახავს, ცხიმს ჩემპიონობა მოეგოს ან ვერ მოეგოს" - ასეთია მისი თეზისი. მაიამის ის ვერ ეგუებოდა. ამ ორგანიზაციაში შიდა კულტურა, საკუთარი პრინციპები ყოველთვის ვარსკვლავებზე და თვით შედეგებზე მაღლა დგას - ამიტომაც შაკი წავიდა.

არადა, ძალიან უცნაურია, რომ მაიამი ჰიტს ეს კულტურა, სტილი და ფასეულობები აქვს. ფლორიდა ალბათ ყველაზე არასაკალათბურთო შტატია, არცთუ ისე ლოიალური გულშემატკივრით. ზოგადად, ფლორიდაში უფრო ლათინო-ამერიკული სეგმენტია ძლიერი და ამ სეგმენტისთვის კალათბურთი ნომერ პირველი სპორტი ნამდვილად არ არის. ეს ყველაფერი იქ სწორედ რაილიმ შექმნა და მიიტანა.
იქამდე მაიამი ჰიტი NBA-ს ყველაზე უთავმოყვარეო და სუსტი ორგანიზაცია იყო. კი არ თამაშობდა, წვალობდა, უბრალოდ არსებობდა. რაილიმ მიიტანა ეს სული, ფასეულობები და ორგანიზაციული კულტურა - მანიაკალური ვარჯიშის, თავის არდაზოგვის, „ლიდერშიფის", მენტალური მდგრადობის. მისი პირველივე გუნდი ალონზო მორნინგით და ტიმ ჰარდევეით ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ალონზო მორნინგი ის კაცია, რომელმაც დიდი კალათბურთის თამაში თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე თირკმელის ოპერაციის შემდეგაც გააგრძელა.
დუეინ უეიდი იყო პირველი დიდი სახე და სიმბოლო მაიამის ფასეულობების. 2006 წლის ფინალში მას ჯორდანის პერფორმანსი ჰქონდა. აჩვენა ყველას, რას ნიშნავს იყო, ლიდერი და ჩემპიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტებში იპოვო შენში ძალა და სხვა, ზესიმაღლეებზე ახვიდე.
ნოვიცკის დალასთან, 0:2-ზე, უეიდმა ჩააგდო 42 (თავისი გუნდის 98 ქულიდან), 36 (გუნდის 98 ქულიდან), 43 (გუნდის 101 ქულიდან) და 36 ქულა (თავისი გუნდის 95 ქულიდან) ქულა. ფაქტობრივად, თავისი გუნდის ქულების ნახევარი მასზე იყო. ოთხიდან სამი თამაში მაიამიმ ზუსტად რომ ბრძოლით მოიგო - ერთი, ორი და სამი ქულის სხვაობით.
ჩემი საყვარელი მომენტი ამ ფინალებში ის არის, ალონზო მორნინგი, უკვე ვეტერანი, ოპერაციების შემდეგ, ბურთს რომ ხსნის, პარკეტზე ვარდება და ამ მოხსნას ისე ზეიმობს, როგორც გადამწყვეტ სამიანს ბოლო წამზე.
'მაიამის აღარ ჰყავს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ლიგაში, თუმცა მონდომების, შინაგანი ძალის და სპოელსტრას სამწვრთნელო კლასის წყალობით, წლიდან წლამდე იმაზე მეტს აჩვენებს, ვიდრე ყველაზე თამამ პროგნოზებშია მოსალოდნელი'
ამ ფინალებში ერთი სხვა დეტალიცაა. ეს ამბავი რაილიმ ჯერ კიდევ ლეიკერსში მწვრთნელობის დროს დაიწყო. როცა გასვლაზე მიდიხარ და გუნდს ორი თამაში აქვს იმისთვის, რომ სერია მოიგოს, რაილი მოთამაშეების აიძულებს, რომ მხოლოდ ერთი დღის ტანსაცმელი წაიღონ. ამას ბარგში პირადად ამოწმებს. არ უნდა, რომ მისმა მოთამაშეებმა თეორიულადაც კი დაუშვან, რომ გამარჯვებისთვის ორი შანსი აქვთ. მაიამიში შანსი მხოლოდ ერთი შეიძლება გქონდეს.
2006-ის შემდეგ იყო უკვე "დიდი სამეულის" (უეიდი, ლებრონი, ბოში) ორი ჩემპიონობა უკვე რაილის მთავარი თანამოაზრის ერიკ სპოელსტრას მწვრთნელობით. სპოელსტრაზე იმ დღეს მისი ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე იხსენებდა: დასვენების დღეს დარბაზში სასროლად მივიდა. მიზანი - 100 სამიანი 50 პროცენტის სიზუსტით. დარბაზში რატომღაც ერიკ სპოელსტრა გამოეცხადა და მიზნად ზუსტი სროლების 70 პროცენტი დაუსახა. რა უნდონდა სპოს დასვენების დღეს ცარიელ დარბაზში არავინ იცის. დაიწყო 100-სროლიანი სერიების მთელი წყება. ყოველ ჯერზე, როცა 100-დან 70 სროლს ვერ აგდებდა, უწევდა სარბენად წასვლა და შემდეგ 100 ახალი სროლის დაწყება. დასვენების დღე ძალიან ინტენსიურ ვარჯიშად იქცა, რომელიც ბოლოს 70 ჩაგდებული სამიანით დასრულდა. "მიზანი ყოველთვის უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე შეგიძლია“ - ეს იყო წასვლის წინ სპოელსტრას გზავნილი.
დღეს ამ გუნდში ჯიმი ბატლერია, იგივე "პლეიოფ ჯიმი". ბატლერი მაიამიში იმიტომ წავიდა, რომ ამ ორგანიზაციის კულტურა და ფასეულობები მოსწონდა. ჯიმი იქამდე ვერცერთ სხვა გუნდს ვერ მოერგო და ტოქსიკური, ზედმეტად მომთხოვნი და რთული ხასიათის ადამიანის იმიჯი ჰქონდა. მინესოტაში ის მაგალითად, იმით იყო ცნობილი, რომ ახალგაზრდები, მთელი ეს კარლ-ენტონი თაუნსები, ზეწოლის ქვეშ ჰყავდა და თამაშისა და შედეგის მიმართ მათი რბილი დამოკიდებულება არ მოსწონდა.
მაიამიში კი ის სახლშია. მაიამის აღარ ჰყავს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ლიგაში, თუმცა მონდომების, შინაგანი ძალის და სპოელსტრას სამწვრთნელო კლასის წყალობით, წლიდან წლამდე იმაზე მეტს აჩვენებს, ვიდრე ყველაზე თამამ პროგნოზებშია მოსალოდნელი. მაიამიმ მიაღწია სუპერფინალებს და იქ, მხოლოდ ძალიან მძიმე და არათანაბარ ბრძოლაში დამარცხდა ლებრონის და დევისის ლეიკერსთან. მაიამიმ უკვე მესამედ მოუგო იანისს და მის მილუოკის და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შინაგანი ძალა, ეთიკა, წესრიგი და ფასეულობები უფრო მეტად ფასობს, ვიდრე იანისისა და მისი გუნდის ძალა და ათლეტიზმი.
ბატლერი ამ ყველაფრის სახე და სიმბოლოა. სუპერვარსკლავისთვის თითქოს არცთუ ისე ზეტალანტით დაჯილდოებული კაცი, თავისი მონდომების, ჟინის და შინაგანი ძალის წყალობით მერამდენე წელია, პლეიოფებში შეუჩერებელია. ზეწოლის და პასუხისმგელობის ფონზე ის უკეთესი ხდება.
მილუოკი დაცვის გუნდია - ჯრუ ჰოლიდეი მოთამაშეების ვერსიით სეზონის საუკეთესო მცველია, ამ საქმის ვიწრო სპეციალისტი. ბრუკ ლოპესი, 215-სანტიმეტრიანი კაცი, ჟურნალისტების ვერსიით ამ სეზონის საუკეთესო მცველია და ძალიან მაგრად აზღვევს სამწამიანს. იანისი - იანისია, ყველამ ვიცით, რა ზეადამიანური ძალის, მასის და გაბარიტების პატრონია. ამ გუნდს ბატლერმა ჩაუგდო ბოლო ორ თამაშში 98 ქულა!
ჰოლიდეი რომ პერსონალურად ეთამაშებობა და იანისი და ლოპესი მას აზღვევდა, ამ გუნდს ჩაუგდო ჯერ 56 და შემდეგ 42 ქულა. ისტორიული მასშტაბის, გმირული და ეპიკური ისტორია იყო. მერვეადგილოსანმა მოუგო პირველადგილოსანს (ეს ისტორიაში სულ მეექვსედ მოხდა), მოუგო 4:1, მოუგო ორი მოთამაშის ტრავმის (ოლადიპო, ჰირო) ფონზე, მოუგო თითქმის 40 წლის კევინ ლავით და კაილ ლოურით, ყველასთვის უცნობი რიგითებით და ბატლერის სიგიჟეებით. ეს რაილის და მაიამის სისტემის, კულტურის და ფასეულობების ტრიუმფი იყო.

არაფერი აღწერს იმაზე უკეთ მაიამის და ბატლერის სტილს და ფასეულობებს, როგორც ის ბოლო სროლა, ძირითადი დროის ბოლო წამზე, მატჩის დასრულებამდე ორი წამით ადრე. სპოელსტრამ დახაზა კომბინაცია და ჭკუაში ყველა მოატყუა. ჯიმიმ ვარდნაში ისეთი ჩააგდო, როგორიც არასოდეს მინახავს. იჭიდავა როგორც რაგბიში, პოზიცია მოიგო და ბრძოლაში, თითქმის დავარდნილმა ისროლა.
ყველაზე მთავარი და სიმბოლური მომენტი იქამდე იყო - ტაიმაუტის დროს. სპოელსტრას სამიანის სროლა უნდოდა და ერთი სროლით თამაშის მოგება. ამიტომაც კომბინაცია სხვაზე დახაზა, არა - ბატლერზე. ჯიმიმ მას შეაწყვეტინა - „უფლება მომეცი, ეს ბიჭი მე ვიყო (Let me be that guy)". ეს სროლა მისი უნდა ყოფილიყო - ლიდერის ხვედრი პასუხისმგებლობაა.
კომენტარები