Thumbnail

ბაზაძის უნიკალური სერია გრძელდება - ვერცხლი სეულის გრან პრიზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრიზე ფინალში იასპარეზა
  • 3-დან 3 ფინალი სეზონის გრნა პრიზე და ზედიზედ 10 ტურნირი პოდიუმზე

მსოფლიოს ნომერ პირველი ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე სეულის (სამხრეთი კორეა) გრან პრის ვერცხლის პრიზიორია. მან ფინალი დაძაბულ ბრძოლაში დათმო მასპინძელ სანგუკ ოსთან - 14:15. ამით ამ სპორტსმენებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. 

სეულის გრან პრის პოდიუმი

ფინალში გასასვლელად სანდროს დაძაბული დუელი მოუწია მატეო ნერისთან (იტალია), რომელიც საბოლოოდ 15:14 დაამარცხა. მანამდე ქართველმა მოფარიკავემ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა: ფარეს არფა (კანადა) – 15:13; ალი პაკდამანი (ირანი) – 15:9 და ჯუნჰო კიმი (სამხრეთი კორეა) – 15:11. ბრინჯაოს მედლები ნერიმ და უნგრელმა არონ სილაგიმ მოიპოვეს. 

2022/23 წლების სეზონში ხმლით ფარიკაობაში სამი გრან პრი გაიმართა და სანდრო ბაზაძემ სამივეში ფინალში იასპარეზა - იანვარში ტუნისში გაიმარჯვა, დეკემბერში ორლეანში (საფრანგეთი) მეორე იყო და ახლაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. ის ერთადერთი მოფარიკავეა, ვინც სამივე ფინალი ჩაატარა. 

სანდრო უნიკალური სერიის პატრონია, უკვე 12 თვეა, რაც პრესტიჟულ ტურნირს (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიოს თასი) პოდიუმზე ასრულებს. ყველაფერი 2022 წლის 6 მაისს მადრიდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ათი ტურნირიდან ბაზაძე გამარჯვებული სამჯერ გამოვიდა, 4-ჯერ ფინალი დათმო, სამჯერ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები