Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა გადაიდო, მაგრამ ეგ არაფერი (მართლა არაფერი! ნაპოლის ტრიუმფი მაინც გარდაუვალია). სამაგიეროდ, გასულ უიკენდზე ისეთი რამ მოხდა, რასაც აღარავინ ელოდა: საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა! ეს ისეთი ამბავია, რომელზე ფიქრიც კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში უკვე არარეალური იყო - ფაქტობრივად, პატარა სასწაული მოხდა. მოკლედ: შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში.


ხელბურთი | ნაკრების სენსაციური წარმატება

მარტივად რომ გავიაზროთ: იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილ გუნდს სტუმრად უნდა დაემარცხებინა ჯგუფის ფავორიტი უნგრეთი, რომელსაც მანამდე ყველა, ხუთივე თამაში მოგებული ჰქონდა (საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა 5 თამაშში). თუმცა მხოლოდ ეს დიდი სენსაციაც არ იყო საკმარისი - პარალელურად, თურქეთს არ უნდა მოეგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. და ეს პატარა სასწაული მოხდა: ქართველმა ხელბურთელებმა ფავორიტ უნგრეთთან მატჩი დრამატულად, ბოლო წამზე მოიგეს, თურქეთმაც წააგო და საქართველოს ნაკრები საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა. ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს, გერმანიაში ჩატარდება.

📋 | საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კვარა | ნაპოლის ზეიმი უბრალოდ გადაიდო

ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება: შამპანურები ჩაციებულია, მთელი ქალაქი ზეიმისთვის ემზადება, მაგრამ გუნდი ამ უმძიმეს წნეხს ვერ უძლებს და ერთი შეხედვით მარტივ თამაშს ვერ იგებს. ნაპოლისაც ეს დაემართა. ხვიჩა კვარაცხელიამ და კომპანიამ სალერნიტანას ვერ მოუგეს და ზეიმიც ჩაიშალა, მაგრამ მხოლოდ დროებით. ნაპოლი ნამდვილად არ წააგებს ექვსივე დარჩენილ თამაშს და მაინც გახდება ჩემპიონი.

📋 | იტალიური მედიის გამოხმაურება და სპალეტის კომენტარები ნახეთ აქ.

კალათბურთი | კარგი ჯგუფი საქართველოს ნაკრებს

შაბათს კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჩვენი გუნდი F ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად სლოვენია, ვენესუელა და კაპო-ვერდე ეყოლება, თამაში კი იაპონიის ქალაქ ოკინავაში, Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 000) მოუწევს. ეს ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყველა შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია, რაზეც ექსპერტებმაც ისაუბრეს. ლუკა დონჩიჩის სლოვენიაზე ყველამ თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ როგორი გუნდებია ვენესუელა და კაბო-ვერდე? რა შანსი აქვს საქართველოს ამ ჯგუფში? წილისყრის შედეგებზე კალათბურთის ექსპერტებს და ნაკრების ყოფილ კაპიტნებს, ვატო ნაცვლიშვილს და მანუჩარ მარკოიშვილს ვესაუბრეთ.

📋 | წილისყრის გამოხმაურება წაიკითხეთ აქ

ფარიკაობა | ბაზაძის უნიკალური სერია გრძელდება

მსოფლიოს ნომერ პირველი ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე სეულის (სამხრეთი კორეა) გრან პრის ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან ფინალი დაძაბულ ბრძოლაში დათმო მასპინძელ სანგუკ ოსთან - 14:15. ამით ამ სპორტსმენებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. სანდროს უნიკალური სერია აქვს: უკვე 12 თვეა, რაც პრესტიჟულ ტურნირს (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიოს თასი) პოდიუმზე ასრულებს. ყველაფერი 2022 წლის 6 მაისს, მადრიდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ათი ტურნირიდან ბაზაძე გამარჯვებული სამჯერ გამოვიდა, 4-ჯერ ფინალი დათმო, სამჯერ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  

GFC 20 | თბილისში კიდევ ერთი მაგარი საღამო გაიმართა

MMA-ს მოყვარულებმა თბილისში შერეული ორთაბრძოლების მორიგი შოუ იხილეს. შაბათს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში GFC 20-ის საღამო გაიმართა. ტურნირზე 18-მა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან 9 ქართველი მებრძოლი იყო. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ლიბანელი, ირანელი, სომეხი, შვედი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები გავიდნენ. მაყურებლებმა წინასწარ ქარდზე 4 ჩხუბი, ხოლო მეინ ქარდზე 5 ბრძოლა იხილეს.

📋 | ყველა ბრძოლა და დეტალური მიმოხილვა ნახეთ აქ

 

კომენტარები

ბოლო ამბები