- კლოპმა მეოთხე გოლი ემოციურად აღნიშნა და ყვითელი ბარათი მიიღო
- შეხვედრის შემდეგ გერმანელმა მწვრთნელმა მთავარი მსაჯი გააკრიტიკა
- სიგიჟე ენფილდზე: 3:0, 3:3 და მაინც 4:3 - ლივერპული შეიშალა
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში ლივერპულისა და ტოტენჰემს შორის შეხვედრა სანახაობრივი და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მერსისაიდული კლუბი ლონდონურ გუნდს 3:0-ს უგებდა, თუმცა "დეზებმა" თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს და 92-ე წუთზე რიშარლისონის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. ზუსტად 2 წუთში, 93-ე წუთზე დიოგო ჟოტამ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მაინც მოუპოვა.
ბოლო გოლი იურგენ კლოპმა მეოთხე მსაჯის წინ ემოციურად აღნიშნა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მატჩის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ შეხვედრის მთავარი მსაჯი, პოლ ტირნიც გააკრიტიკა.
"როგორ შეიძლებოდა სალაჰზე ჯარიმის დაფიქსირება? ტირნისთან გარკვეული ისტორია გვაკავშირებს, არ ვიცი, რა აქვს ჩვენი საწინააღმდეგო. მან თქვა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს. აღნიშვნის დროს ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ის, რაც მან ყვითელი ბარათის დროს მითხრა, არ შეიძლება", - აღნიშნა კლოპმა Sky Sports-თან საუბრისას.
ლივერპულის მწვრთნელის კომენტარის შემდეგ განცხადება მსაჯთა ორგანიზაციამაც გაავრცელა. PGMOL აღნიშნავს, რომ ყველა ოფიციალურ თამაშში მსაჯების ჩაწერა მიმდინარეობს, გადამოწმების შემდეგ კი დარწმუნდნენ, რომ ტირნი მთელი მატჩის განმავლობაში პროფესიონალურად იქცეოდა.
მიმდინარე სეზონში ეს ლივერპულსა და მსაჯებს შორის უთანხმოების პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ, გვერდითმა მსაჯმა, კონსტანტინ ჰაციდაკისმა ენდრიუ რობერტსონს იდაყვი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გაურკვეველი ვადით საქმიანობას ჩამოაშორა.
კომენტარები