- 35 წლის ქართველი სუმოისტი დოჰიოზე ჯურიოს მე-5 ნომრის სტატუსით გავა
- საგაზაფხულო სუპერტურნირს 14-28 მაისს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს
35 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სარეიტინგო უკუსვლას განაგრძობს. იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს გამოაქვეყნა ახალი კლასიფიკაცია, რომელშიც ტოჩინოშინს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომერი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯებოდა და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსიც ჰყოფნიდა, თუმცა, 15-დან მხოლოდ 5 ორთაბრძოლაში იმარჯვა, ამასთან კი, მარცხენა მხრის ტრავმაც მიიღო. ამგვარად, ტოჩინოშინმა რეიტინგში 5 პოზიცია დაკარგა, ამაზე ცუდი კი ისაა, რომ მისი კარიერა დასასრულისკენ მიდის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კასუგანო ბეიას რიკიშია, მისი დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 101 ბაშოზე (აქ 3 ტრავმის გამო გამოტოვებულიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში.
ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ტოჩინოშინი ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი). ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ – შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ – კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო.
ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 609 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები აქვს: უკანასკნელ ორ წელიწადში 13-დან 11 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ის სიტუაციის გამოსწორებას ნაცუ ბაშოზე ეცდება. 2023 წლის საზაფხულო სუპერტურნირი 14-28 მაისს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში არის დაგეგმილი.
კომენტარები