Thumbnail
  • ტრნავა 3:1 სლოვანი | ქართველი ფეხბურთელების გუნდი ფინალში დამარცხდა
  • სლოვანი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ რამდენიმე წუთი დააკლდა

სლოვაკეთის თასის ფინალში ბრატისლავის სლოვანი ტრანავასთან დამარცხდა, შედეგად სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა, ბოლომდე ვერ გაძლო. 57-ე წუთზე ანდრე გრინმა ბრატისლაველები წინ გაიყვანა და ბევრი არაფერი აშორებდა სლოვანს თასის მოგებამდე, მაგრამ 86-ე წუთზე აბდულრაჰმან ტაივომ ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ტრნავამ გაცილებით უკეთ ითამაშა. 110-ე წუთზე იაკუბ პაურმა გურამ კაშიას დაასწრო, რის შედეგადაც თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, ხოლო ბოლო წუთზე ფილიპ ტვარძიკმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ჯაბა კანკავას დამატებით დროში კარგი მომენტი ჰქონდა

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ვლადიმირ ვაისმა 84-ე წუთზე შეცვალა, სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა. 98-ე წუთზე, როცა ჯერ კიდევ საყაიმო შედეგი იყო (1:1), კანკავას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა.

სლოვანმა სლოვაკეთის თასი ვერ მოიგო, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ფორტუნა ლიგას ვაისის გუნდი 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 7 მაისს, უშუალო კონკურენტ დუნაისკა სტრედას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები