- ბოსტონ სელტიკსი 115:119 ფილადელფია სიქსერსი
- ჯოელ ემბიიდის არყოფნაში ჯეიმს ჰარდენმა "იფრინა"
ყველამ იცის, რას ნიშნავს ფილადელფიასთვის ჯოელ ემბიიდი. NBA-ს პლეი ოფში, სტუმრად ბოსტონ სელტიკსთან სიქსერსს თავისი ლიდერის გარეშე გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი ჯეიმს ჰარდენი ითამაშებდა ასე ძველებურად და ზუსტად ეს მოხდა! რეტრო-ჰარდენმა ბოსტონი შოკში ჩააგდო.
MVP-ობის მთავარი კანდიდატი ემბიიდის არყოფნაში ჰარდენმა ისე ითამაშა, როგორც კარიერის საუკეთესო მომენტებში, პლეი ოფში თავისი პირადი რეკორდი გაიმეორა და გეიმვინერიც სწორედ მან ჩააგდო. შესაბამისად, ფილამ კონფერენციის ნახევარფინალში ბოსტონს სტუმრად უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო - 119:115.

მატჩის საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, ჰარდენმა ოლ ჰორფორდზე Stepback-ჯამპერით თამაშში თავისი მე-7 სამქულიანი ჩააგდო, რასაც მასპინძლებმა ვეღარაფერი დაუპირისპირდეს. ნაცვლა ამისა, ემბიიდის შემცვლელმა პოლ რიდმა ორი ჩაგდებული ჯარიმით ამ მატჩს თავსახური დაახურა - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარკუს სმარტმა ბურთი დაკარგა და ჯეისონ ტეიტუმს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა რიდის წინააღმდეგ წესების დარღვევა.
ასე და ამგვარად, მატჩის გმირი ჰარდენი გახდა. 33 წლის ჯეიმსმა 45 ქულა დააგროვა (17/30, 7/14 სამიანი) და 6 ასისტიც ჰქონდა 39 წუთში. 15 ქულა მან მხოლოდ მეოთხე პერიოდში ჩააგდო. 45 ქულა ჰარდენისთვის თავისი პირადი საპლეიოფო რეკორდის გამეორებასაც ნიშნავს - მას 2015 წელს, გოლდენ სტეიტთან კონფერენციის ფინალის მეოთხე თამაშშიც ამდენივე ქულა ჰქონდა.
ჯეიმსს ყველაზე კარგად ტაირეზ მაქსი ეხმარებოდა, რომელმაც სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, თავისი 26 ქულიდან (10/24) 19 სწორედ მეორე ტაიმში დააგროვა. სამაგიეროდ, პირველ ტაიმში დე’ენტონი მელტონმა (17 ქულა, 5/6 სამქულიანი) ჩაყარა მნიშვნელოვანი ბურთები და სიქსერსს იმაში დაეხმარა, რომ ტეიტუმის “აფეთქების” მომენტში ფილა ძალიან არ ჩამორჩენილიყო.
ბოსტონის ლიდერს 39 ქულა ჰქონდა (14/25). ჯეილენ ბრაუნმა (23 ქულა, 8/10) თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ პირველი პერიოდის მერე გაუჭირდა. მალკოლმ ბროგდონი (20 ქულა, 9/16) მეექვსე კაცის რანგში კარგი იყო, მაგრამ ბოლო წუთზე ცუდი დაკარგვა ჰქონდა. მართალია, ბოსტონს ზუსტი სროლების თითქმის 60-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ 16 დაკარგვაც, რამაც ფილას შანსები მისცა. სიქსერსმა 38 სამქულიანიდან 17 ჩააგდო (45%).
“აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართ. ჯოელი ადრე დაგვიბრუნდება თუ გვიან, ყველაფრისთვის მზად ვართ!” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰარდენმა.
“შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავებაა. ჩვენ ქუჩის მებრძოლებით სავსე გუნდი გვყავს. მთელი თამაშის განმავლობაში არ მტოვებდა განცდა, რომ მოვიგებდით, თუკი მეოთხე პერიოდამდე არ გვექნებოდა დიდი ჩამორჩენა,” - ეს ფილადელფიას მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის სიტყვებია.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემბიიდის არყოფნა ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იყო. შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. თავს ისე არ ვიცავდით, როგორც გუნდმა უნდა დაიცვას. ეს მარცხი უნდა მივიღოთ.” - აღნიშნა ოლ ჰორფორდმა.
ბოსტონისა და ფილას მეორე მატჩი 4 მაისს, ისევ ბოსტონში გაიმართება და ჰარდენმა თუ ისევ ასე ვინტაჟურად ითამაშა, სიქსერსი NBA-ს ნახევარფინალისკენ და კონფერენციის ფინალისკენ, დიდი ალბათობით, უდიდეს ნაბიჯს გადადგამს…
კომენტარები