Thumbnail
  • ესპანური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე წერს
  • ქართველ ფეხბურთელზე Sky Sports-ის ჟურნალისტმაც ისაუბრა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდში გადასვლაზე ინფორმაციები მედიაში მატულობს.

მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბების მხრიდან ინტერესზე ხშირად იწერებოდა და ეს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში 37 თამაშში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ამჯერად, ქართველი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებაზე ინფორმაციას fichajes.net ავრცელებს, რომლის ცნობითაც, კვარაცხელიას შეძენა ლონდონის ჩელსის სურს და ამის მთავარი მიზეზი მაურისიო პოჩეტინოა. "ლურჯები" მომდევნო სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ და მთავარი კანდიდატი სწორედ არგენტინელი სპეციალისტია. გამოცემა წერს, რომ ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა ტოდ ბოელს, შესაძლოა, პოჩეტინომ ურჩია.

მიმდინარე სეზონში 37 თამაშში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა

შეგახსენებთ, რომ ჩელსის ახალმა მფლობელმა ტრანსფერებში 600 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს საშინელი სეზონი აქვთ. ისინი პრემიერლიგაში 39 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ევროზონასთან.

მედიაში ასევე აქტიურად იწერებოდა ნიუკასლის მხრიდან ინტერესზეც. "კაჭკაჭები" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავენ და არაერთი ფეხბურთელის დამატება სურთ. Sky Sports-ის ჟურნალისტმა, კიტ დაუნმა კი Football FanCast-თან საუბრისას განაცხადა, რომ კვარაცხელიას ნიუკასლში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, მიზეზი კი მისი სატრანსფერო ფასია.

კომენტარები

ბოლო ამბები