- UFC-ის მებრძოლმა მეტსახელზე, შიშზე, ფულსა და რწმენაზე ისაუბრა
- ილია თოფურია იმედოვნებს, რომ ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავა
UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს, "El Hormiguero"-ს სტუმრობდა. 26 წლის დაუმარცხებელმა "მატადორმა" (13 ბრძოლა MMA-ში, 13 გამარჯვება) თავის მეტსახელზე, შიშზე, ფულსა და რწმენაზე ისაუბრა.
"მეტსახელი "მატადორი" სპორტდარბაზში შემარქვეს. თავიდან დიდად არ მომწონდა, რადგან ის ჩემთვის კორიდასთან ასოცირდება. მიყვარს ცხოველები და კორიდის მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე ამ მეტსახელს", - ამბობს ილია.
თოფურიამ თავისი პირველი ბრძოლა გაიხსენა, რომელიც 15 წლის ასაკში ჩაატარა და შიშის ფაქტორზეც ისაუბრა:
"მახსოვს, პირველი ბრძოლის დროს ძალიან შეშინებული ვიყავი. ვფიქრობდი: "რა მინდა აქ?". შიში დამაბრკოლებელია, ის ხელს გიშლის ბედნიერებაში, წარმატებაში, სიყვარულში… და არ არსებობს უფრო კარგი გრძნობა, ვიდრე შიშის დაძლევას ახლავს. შიშის გრძნობა ზოგჯერ მეუფლება, მაგრამ არ ვაძლევ მას იმის საშუალებას, რომ სრულებით მომიცვას.
ყველაზე რთული იმის გააზრებაა, რომ შეიძლება დამარცხდე და რა თქმა უნდა, მეშინია წაგების. ამისთვის მზად ვარ, თუმცა მაინც მგონია, რომ წაგებისთვის არ ვარ დაბადებული და ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავალ, რადგან ეს ჩემი მიზანია. ამქვეყნად გავჩნდი იმისთვის, რომ წარმატებული და ბედნიერი ვიყო".

ილია არ მალავს, რომ მორწმუნეა:
"მწამს ღმერთის, ყოველ ღამით და ყოველი ბრძოლის წინ ვლოცულობ. მჯერა, რომ უფალს აქვს ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრული და რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს მიმატოვებს”.
26 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ში მომავალ ბრძოლას 24 ივნისს გამართავს, მისი მეტოქე კი ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება.
"ის ისეთივე კარგი მებრძოლია, როგორიც სხვა ნებისმიერი, რომლებთანაც მანამდე მომიხდა დაპირისპირება. მაგრამ შედეგი იგივე იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამარჯვება პირველსავე რაუნდში მოვიპოვო. მინდა, ტიტულისთვის ბრძოლის უფლება დავიმსახურო".
მებრძოლს შეკითხვა გამომუშავებულ თანხაზეც დაუსვეს:
"ჩემთვის უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ გავიმეორებ იმას, რაც სხვა დროსაც მითქვამს. ორთაბრძოლების გათვალისწინებით, თანხა თვეში 150-200 ათასი ევროთი განისაზღვრება".
კომენტარები