- იურგენ კლოპმა ჩელსის კრიზისულ სეზონზე კომენტარი გააკეთა
- გერმანელის აზრით, ბევრი ფეხბურთელის უბრალოდ ყიდვით შედეგი არ მიიღწევა
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლონდონის ჩელსის კრიზისულ პერიოდზე კომენტარი გააკეთა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, მას უხარია, რომ ჩელსიმ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან არ შეიძლება უბრალოდ ბევრი ფეხბურთელის დამატებით შედეგს მიაღწიო, თუ გუნდს სათანადოდ არ ააშენებ. ამასთან, კლოპი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში ჩელსი ჩვეულ დონეს დაუბრუნდება.
"გულწრფელი უნდა ვიყო: ცოტა სევდიანი ვარ ჩელსის გამო, მაგრამ ასევე ბედნიერიც, რომ მათი სეზონი კარგად არ მიმდინარეობს. ეს კლუბი ისევ დიდებულია, მაგრამ სასიამოვნოა ასეთ სიტუაციაში ნახვა, რადგან შეუძლებელია უბრალოდ ფეხბურთელების ყიდვა და შედეგის მიღება. სამაგიეროდ, გუნდი უნდა ააშენო, მათ კი ეს ასპექტი არ შეაფასეს და მწვრთნელებს შეუძლებელი დავალება მისცეს. არ შეიძლება გუნდს ორი გასახდელი ჰქონდეს, საჭიროა ურთიერთობების ჩამოყალიბება, კავშირები, გუნდური სულისკვეთება. ამიტომაც, ცოტა მიხარია, თუმცა, საბოლოოდ ჩელსი დალაგდება და მომდევნო სეზონში ისევ ძლიერი იქნება. ჩვენ, ლივერპულში, სხვაგვარად ვფიქრობთ, გვინდა შესაფერისი მოთამაშეები მოვიყვანოთ და გუნდი ავაშენოთ", - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ჩელსი პრემიერლიგაში მხოლოდ მე-12 ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს. გარდა ამისა, ლონდონურმა კლუბმა წარუმატებლად იასპარეზა ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასებზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ჩელსიმ მიმდინარე სეზონში 3 მწვრთნელი შეიცვალა - თომას ტუხელი, გრემ პოტერი და ფრენკ ლამპარდი.
კომენტარები