Thumbnail

ლამპარდის ჩელსი ისევ დამარცხდა - არსენალმა ლიდერობა დაიბრუნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არსენალი 3:1 ჩელსი
  • გოლები: 1:0 ედეგორი (18), 2:0 ედეგორი (31), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (34), 3:1 მადუეკე (65)

არსენალმა პრემიერლიგაში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა (სავარაუდოდ, 24 საათით,), ჩელსისთან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, განსაკუთრებით თავდაჯერების დასაბრუნებლად.

მიკელ არტეტას გუნდმა ლონდონურ დერბიში ღრმა კრიზისში მყოფ ჩელსის უმასპინძლა, რომელსაც იოლად აჯობა. პირველივე ტაიმში გადაწყდა ყველაფერი, რადგან მარტინ ედეგორმა (დუბლი) და გაბრიელ ჟეზუშმა "არისტოკრატებს" 3 გოლი გაუტანეს. სტუმრებმა მეორე ტაიმში ნონი მადუეკეს გოლით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ზედიზედ მე-6 წაგებას (ყველა ტურნირზე) თავი ვერ დააღწიეს.

ჩელსისთვის ეს სეზონი უბრალოდ კოშმარულია: მას მერე, რაც ლონდონში ფრენკ ლამპარდი დაბრუნდა, ჩელსიმ ყველა თამაში წააგო - 6 (და, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა)! ბუნებრივია, რომ "არისტოკრატებს" აღარაფრის შანსი არ აქვთ, 39 ქულით უიმედოდ მე-12 ადგილზე არიან.

არსენალმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

არსენალმა 1-ლი აპრილის შემდეგ პირველად მოიგო და 4-მატჩიანი ცუდი სერია შეწყვიტა, შედეგად მანჩესტერ სიტის 2 ქულით უსწრებს, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად, ყველაფერი მის ხელშია.

საინტერესო ფაქტები

🟠 ჩელსიმ ლონდონურ დერბიში პირველი ტაიმი 3 ბურთით მეორედ წააგო. წინა შემთხვევაშიც ეს არსენალთან "ემირეითსზე" დაემართა (0:3 2016 წლის სექტემბერში).

🟠 მარტინ ედეგორმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა. არსენალის ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, სესკ ფაბრეგასია - 15 გოლი (2009/10 წლების სეზონში).

🟠 მარტინ ედეგორს გოლი+საგოლე პასის სისტემით 20-ს გადასცდა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში. ის არსენალის მე-3 ფეხბურთელია ბუკაიო საკასა (24) და გაბრიელ მარტინელის (20) შემდეგ, რომელმაც ამ სეზონში ეს გააკეთა. არსენალი პრემიერლიგაში ამ თვალსაზრისით ერთადერთი გუნდია, რომელსაც 3 ფეხბურთელი ჰყავს მსგავსი შედეგით.

🟠 ფრენკ ლამპარდმა მთავარი მწვრთნელის რანგში ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩი წააგო. ის არის პირველი მწვრთნელი, რომელიც პრემიერლიგის გუნდს უდგას სათავეში და ზედიზედ 10 თამაშში დამარცხდა მიკ მაკარტის შემდეგ (2005 წელს სანდერლენდში).

🟠 გაბრიელ ჟეზუშს პრემიერლიგის 55 მატჩში აქვს გოლი გატანილი. ის ამ მატჩებში არასდროს დამარცხებულა (50 მოგება, 5 ფრე). ბრაზილიელმა ჯეიმს მილნერის შედეგი გააუმჯობესა (54).

🟠 არსენალმა 2004/05 წლების სეზონის შემდეგ პირველად არ წააგო სეზონში არცერთი ლონდონური დერბი. გარდა ამისა, არსენალი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში 150 ლონდონური დერბი მოიგო.

არსენალი 3:1 ჩელსი

გოლები: 1:0 ედეგორი (18), 2:0 ედეგორი (31), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (34), 3:1 მადუეკე (65)

არსენალი (4-3-3): რამსდეილი - უაითი, კივიორი, გაბრიელი (85. ჰოლდინგი), ზინჩენკო (73. ტირნი) - ედეგორი, ჟორჟინიო (86. პართეი), ჯაკა - საკა (73. ნელსონი), გაბრიელ ჟეზუში, ტროსარი (59. გაბრიელ მარტინელი).

ჩელსი (4-3-3): კეპა - ასპილიკუეტა, ფოფანა (86. ჩალობა), ტიაგო სილვა, ჩილუელი - კანტე, ენცო ფერნანდესი (71. გალაჰერი), კოვაჩიჩი - მადუეკე (79. ზიეში), ობამეიანგი (46. ჰავერტცი), სტერლინგი (71. მუდრიკი).

კომენტარები

ბოლო ამბები