Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 112:117 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსმა უმძაფრესი სერიის უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო
  • ლებრონის გუნდის წარმატების გასაღები ენტონი დევისი იყო
  • გოლდენ სტეიტს წინა სერიიდან გამოყოლილი გადაღლილობა ეტყობოდა

ეს რა შოუ მოაწყო ენტონი დევისმა!

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს NBA-ს მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი სტუმრად სწორედ AD-ის გადასარევი თამაშის წყალობით მოუგო - 117:112. და სადაც დევისის გმირობას ვამბობთ, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ უორიორსიდან საშინლად გამოიყურებოდა დრეიმონდ გრინი.

ფაქტია, დევისი ბრწყინვალე ფორმაშია! ლეიკერსის ცენტრი პირველივე წუთებიდან დომინირებდა და ლოსანჯელესური გრანდი 30 ქულით (11/19) და 23 მოხსნით (პლუს 5 ასისტი) უმნიშვნელოვანეს გამარჯვებამდე მიიყვანა. ლებრონ ჯეიმსი 22 ქულამდე ავიდა (9/24) და 11 მოხსნაც ჰქონდა (5 ასისტი), შრიოდერმა და რასელმა 19-19 ქულა დააგროვეს. 

რაც შეეხება გოლდენ სტეიტს: სტივ კერის გუნდს მოლოდინისამებრ გადაღლილობა ეტყობოდა. სტეფ კარიმ 27 ქულა (10/24) დააგროვა, კლეი ტომპსონმა - 25 (9/25). ჯორდან პულმა “სკამიდან” 21 ქულა ჩააგდო (7/15).

თამაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფაზებით წარიმართა. გოლდენ სტეიტის კარგი სტარტის შემდეგ ლეიკერსი დაბრუნდა, მესამე და მეოთხე პერიოდებში წინ გავიდა, მაგრამ მერე ლოსანჯელესელებმა ზედიზედ 10 სროლა გააფუჭეს. გოლდენ სტეიტმა კი ბოლო წუთებში 14:0 გაქცევა მოახერხა, რაც სტეფ კარის მიერ სამქულიანით ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა. თუმცა ლეიკერსის კალათბურთელებმა ნერვები შეინარჩუნეს და თამაშის ბედი დ’ანჯელო რასელის მაგარი “ლეიაპით” და ლებრონის საჯარიმოებით გადაწყვიტეს.

“დევისის ნომერი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი დარბაზის ჭერში დაიკიდება. მან დღესაც გვიჩვენა, რატომაა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მოთამაშე.” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონმა.

მართლაც: ლეიკერსის წარმატების გასაღები სწორედ ენტონი დევისი გახლდათ, რომელსაც თანაგუნდელები ყოველთვის ეძებდნენ და ისიც დომინირებდა. უფრო მეტიც: AD უბრალოდ შეუჩერებელი იყო. გოლდენ სტეიტს ფარქვეშ მისი თამაშის წინააღმდეგ არანაირი პასუხი არ ჰქონდა - არც დაცვაში და არც შეტევაში. დევისი ბევრნაირად აგდებდა ბურთს კალათში და უორიორსს ადვილი ბურთები არ ჩააგდებინა. ფაქტია: ასეთ ფორმაში მყოფი დევისი დიდი შანსია, ამ სერიის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

🏀 | ენტონი დევისი პირველი ლეიკერსელია შაკილ ო'ნილის შემდეგ (2001), რომელმაც პლეი ოფის ერთ თამაშში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. მაშინ შაკს საკრამენტოსთან 44 ქულა და 21 მოხსნა ჰქონდა და ორი დღის შემდეგ იმავე საკრამენტოსთან კიდევ 43 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა.

🏀 | ლეიკერსი ფარქვეშ დომინირებდა და გამოყენებული საჯარიმოების მაჩვენებლითაც დიდი უპირატესობა ჰქონდა: 25:5.

🏀 | გოლდენ სტეიტი სამქულიანებს უკეთ ისროდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი ყოფილიყო: უორიორსი 21/53 (40%) - ლეიკერსი 6/25 (24%).

🏀 | ლეიკერსს ახლა ბოლო 19 მატჩიდან 15 მოგებული აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები