Thumbnail

'ქართული ფინალი? რატომაც არა' - EJU მაისურაძე-ბექაურის დაპირისპირებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპის ძიუდოს კავშირი 90 კგ-ის ფავორიტებზე წერს
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ამ წონაში 2 წარმომადგენელი ეყოლება

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამდენად, მონაწილეთა წარდგენისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ამჯერად 90 კგ-მდე წონითი კატეგორია მიმოიხილა და დაწერა, რომ მსოფლიოს პირველობაზე ქართული ფინალიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

“არცთუ დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა დავლატ ბობონოვმა ტრავმა მიიღო და მოახლოებულ ტურნირს გამოტოვებს. შედეგად, 90 კგ-მდე წონითი კატეგორია პირველ ნომრად განთესილი უზბეკი ძიუდოისტის გარეშე დარჩა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მოიაზრებოდა.

ახლა, მის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატში პირველი რეიტინგით მასტერსის გამარჯვებული სანშირო მურაო ჩაებმება, თუმცა, ცხადია, რომ 22 წლის იაპონელს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგანაც 90 კგ-ში არსებული უდიდესი კონკურენციის ფონზე, პროგნოზის გაკეთება ურთულესი საქმეა.

მურაოს შემდეგ მე-2 განთესვა ლუკა მაისურაძეს ეკუთვნის, რომელიც პოტენციურ ფინალისტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაისურაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, არცთუ დიდი ხნის წინ კი დიდი ორთაბრძოლა ჰქონდა თანამემამულე ლაშა ბექაურთან. ეს თბილისის გრანდ სლემის ფინალში იყო და გამარჯვება ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულს დარჩა. ბექაური ასევე განთესილთა შორისაა.

შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაისურაძემა და ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საინტერესოა, რომ როგორც მაისურაძე, ასევე ბექაური გასული მსოფლიოს პირველობის კვარცხლბეკზე იმყოფებოდნენ. შარშან მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ახლა, ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს იქნებიან, ამდენად, საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური მათი ფინალში დაპირისპირება იქნებოდა.

ბექაურს უკვე მოგებული აქვს მსოფლიოს პირველობები კადეტთა და იუნიორთა შორის, ხოლო თუკი ოქროს მედალი დიდებშიც მოიპოვა, ქართული ძიუდოს ისტორიაში ადგილს ლაშა შავდათუაშვილთან ერთად დაიმკვიდრებს. ეს უკანასკნელი ერთადერთია, ვისაც ქართველთაგან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიადის ოქრო აქვს მოგებული.

ტრადიციულად, 90 კგ. სავსეა მსოფლიოს გასული ჩემპიონებითა და პრიზიორებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი და სერბი ნემანია მაიდოვი მოვიყვანოთ. ყურადღებას იქცევენ გასული ოლიმპიადის პრიზიორები გერმანელი ედუარდ ტრიპელი და უნგრელი კრისტიან ტოტი. აქვე ბოლო მასტერსის სიურპრიზი საფრანგეთიდან ალექსის მატიუ და რუსი მიხაილ იგოლნიკოვიც, რომელიც ამჯერად ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვა”.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მსოფლიოს პირველობას კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. ინდივიდუალური ტურნირი 7-13 მაისს შედგება, 14-ში კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ამ დროისთვის ტურნირზე უკვე 99 ქვეყნის 670-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში შედგა და იქ ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე - 90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დოჰაში ოთხივე მათგანს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები