Thumbnail
  • გურამ ქუთათელაძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას ივნისში გამართავს
  • "ქართველი ვიკინგის" მეტოქე ავსტრალიელი ჯეიმი მალარკი იქნება

ავსტრალიური Fox Sports-ის ინფორმაციით, 4 ივნისს ლას ვეგასში გასამართ UFC-ის ღონისძიებაზე ერთმანეთს გურამ ქუთათელაძე (12-3) და ჯეიმი მალარკი (16-5) დაუპირისპირდებიან. წყაროს ცნობით, ორგანიზაცია ამ ბრძოლას ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დაადასტურებს. 

შვედური მედიის მიერ მარტში გავრცელებული სიახლის მიხედვით, "ქართველ ვიკინგს" ჩხუბი UFC 289-ზე, ვანკუვერში, კანადელი სპორტსმენი ჯონ მაკდესის (18-8) წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა. როგორც ჩანს, ვეტერანმა მებრძოლმა მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც Fox წერს, მალარკის ქუთათელაძესთან დაპირისპირება ცოტა ხნის წინ შესთავაზეს და ავსტრალიელიც გამოწვევას დათანხმდა. 

28 წლის ჯეიმი მალარკის UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 4 მოიგო და 3-ში დამარცხდა. სენტრალქოუსთელმა სპორტსმენმა ბოლო ორი მატჩი მაიკლ ჯონსონისა (21-18) და ორგანიზაციის დებიუტანტის, ფრანსისკო პრადოს (11-1) წინააღმდეგ მოიგო. ავსტრალიელის რეზიუმეში ერთი მნიშვნელოვანი სახელი ფიგურირებს - 2016 წელს ჯეიმიმ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (25-2) BRACE-ში ყოფნისას იჩხუბა, თუმცა პირველივე რაუნდში ნოკაუტით წააგო. 

გურამ ქუთათელაძე ბოლოს ოქტაგონზე 1 წლის წინ გავიდა და დამირ ისმაგულოვთან (24-2) მსაჯების გადაწყვეტილებით (უმრავლესობით) დამარცხდა. ქართველს წლის დასაწყისში ბრაზილიელ ტიაგო მოისესთან (17-6) უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრძოლის ჩატარება ინფექციის გამო ვერ შეძლო. 4 ივნისს, UFC Apex-ზე გასამართი ღონისძიების მთავარი ჩხუბი ჯეკ ჰერმანსონისა (23-8) და ბრენდან ალენის (21-5) დაპირისპირება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები