Thumbnail
  • ტენერიფე 109:111 (ოტ.) მურსია
  • საქართველოს ნაკრების 3 კალათბურთელიდან მოედანზე მხოლოდ 2 ვიხილეთ

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიას უმასპინძლა და დრამატული მატჩი ოვერტაიმში 109:111 წააგო.

შერმადინმა მოედანზე 31:20 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ტენერიფელთა მხრიდან შეუჩერებელი იყო ბრაზილიელი ვეტერანი მარსელინიო უერტასი, რომელმაც 43 ქულა (!) მოაგროვა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერც მან იხსნა.

მურსიელთა რიგებში ანდრონიკაშვილი ერთადერთი იყო, ვისაც მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია, მაკფადენმა კი გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა: 31:46 წუთში 21 ქულა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 3-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.

შედეგად, თადის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა რიგებში უკრაინელ არტიომ პუსტოვოისთან (11 ქულა, 9 მოხსნა) ერთად საუკეთესო მაჩვენებელი იყო. კრის ჩიოზამ 26 ქულა მიითვალა, ნემანია რადოვიჩმა კი – 20.

აღსანიშნავია, რომ ტენერიფელებს ეს დასანანი მარცხი მე-4 ადგილის დაკარგვად დაუჯდათ. შერმადინის გუნდს 22 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მათ ასეთივე მონაგარის მქონე უნიკახამ გადაუსწრო. თავის მხრივ, მურსია 14 მოგებითა და 17 წაგებით მე-9 პოზიციაზეა. 6 მაისს ტენერიფე ხირონას ესტუმრება, ხოლო მურსიელები 7-ში გასვლაზე ბრეოგანთან ითამაშებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები