Thumbnail
  • ლიონელ მესის ისტორია მუნდიალზე ტრიუმფის გარეშე არასრულყოფილი იყო
  • 2022 წლის მუნდიალზე მან თავისი კარიერის მთავარი ლეგენდა შექმნა
  • ლეოს ეკუთვნის, ყველაზე დროის საუკეთესო ერქვას

ცოტა ხნის წინ, სულ ახლახან, ლეო მესის საკუთარმა გულშემატკივარმა უსტვინა. ერთია, რომ ეს ამბავი პსჟ-ს ფანობას არცთუ ისე კარგად ახასიათებს, თუმცა, მეორე მხრივ მგონია, რომ ეს მესის განადიდებს კიდეც. განადიდებს იმიტომ, რომ კიდევ უფრო დაუჯერებელი და ეპიკური შარავანდედით მოსავს იმ თავგადასავალს, რომელიც მან ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე შექმნა.

მესი 35 წლისაა და გულის სიღრმეში მისმა ყველაზე თავგადაკლულმა გულშემატკივარმაც იცის, რომ მისგან სტაბილურად იმ თამაშს აღარ უნდა ველოდოთ, რასაც მან ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიგვაჩვია. ის კი არა, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მისი ბარსელონაში დაბრუნების ამბავი. ლამაზი და რომანტიული ისტორია იქნება. თუმცა, ბარსას გულშემატკივარი მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევს, მაგრამ ლეოს დაბრუნებით ბარსა რომ ერთბაშად ძველ სიმაღლეებზე დაბრუნდება, არც მაგის მჯერა. დროს უკან ვერ გადაახვევ - 2011 და 2015 წლის ბარსელონა ვეღარ დაბრუნდება.

დროსთან ომი არავის მოუგია: ბოლო სეზონებია, კრიშტიანო რონალდო თავისი გუნდებისთვის უფრო პრობლემას ჰგავს, ვიდრე გამოსავალს. არც 2006 წლის ზიდანის სეზონი იყო რეალში დასამახსოვრებელი, არც მილანის რონალდო ჰგავდა საკუთარ თავს და ვერც 1994 წლის მარადონას შევადარებთ 1986 წლის დიეგოს.

სწორედ ამიტომ, 35 წლის ასაკში ის ფეხბურთი, რომელიც ლეომ ამ მუნდიალზე ითამაშა, ის თავგადასავალი, რომელიც მან კატარში დაწერა, კიდევ უფრო წარმოუდგენელი და ლეგენდარულია.

ზოგადად, მესის და არგენტინის ისტორია ამ მუნდიალზე იმდენად მასშტაბური მოვლენა იყო, რომ მგონია, ჯერ კიდევ სრულად ვერ ვაცნობიერებთ, რა ვნახეთ, რას მოვესწარით. ამის სრულფასოვნად აღსაქმელად და ემოციურად გადასახარშად დრო გვჭირდება.

ფეხბურთს ისტერიულად ვუყურებ თითქმის 30 წელია. ჩანაწერებში ნანახი მაქვს წარსულის ყველა დიდი თამაში, მთელი ეს 1970 წლის იტალია-გერმანია (4:3), 1982-ის გერმანია-საფრანგეთი (3:3) და სხვები, მაგრამ ისეთი რამ, რაც არგენტინა-საფრანგეთის ფინალი იყო, არასოდეს მინახავს. ამას ვაღიარებ იმ ფონზე, რომ პირადად მესის და არგენტინის პერსონალური გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ობიექტურად ასეა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ყველაზე დრამატული და დიადი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ის კი არა, ახლახან, სიტი-ბაიერნის დიდი ჩემპიონთალიგური დაპირისპირების წინ, ისიც კი დავიჭირე ჩემს თავში, რომ ამ მატჩს მაინცდამაინც არ ველოდები. ისევ იქამდე მივდივართ, რომ ამ მუნდიალის შემდეგ ძალიან რთულია, ინტრიგა იპოვო იმაში, ჩემპიონთა ლიგას ვინ მოიგებს და პრემიერლიგური ომები როგორ მორჩება. ზაფხულის მუნდიალი ამიტომ არის კარგი - მთავრდება და მერე ორიოდე თვე გაქვს, ყველაფერი რომ გაანალიზო, ემოციურად მოინელო და ფეხბურთი თავიდან მოგენატროს.

არადა, აქამდე მესის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიები ერთი დიდი ჩავარდნა იყო. არაფერი მომისმენია იმაზე უფრო აბსურდული და დამამცირებელი, როდესაც მესის და არგენტინის გულშემატკივრები თავს იმით იმართლებდნენ ხოლმე, რომ "არაუშავს, მესის აქამდეც (ანუ 2022 წლამდე) თურმე კარგი მუნდიალები ჰქონდა". ერთ მარტივ ფაქტს ვიტყვი, რომელიც ამ ფრაზის აბსურდულობას ცხადჰყოფს: ლეოს აქამდე არცერთი გოლი არ ჰქონდა მუნდიალის პლეი ოფებში გატანილი. დისკუსია ამით მთავრდება. ეს ფრაზა დამამცირებელია იმიტომაც, რომ არ შეიძლება, ლეო მესის გულშემატკივრებს თავის მართლება სჭირდებოდეთ. ღმერთებს უაპელაციო სიმართლეები აქვთ. მაიკლ ჯორდანი! და მორჩა, არანაირი ახსნა-განმარტება და დისკუსია აღარ სჭირდება.

თავის მხრივ, მესის გულშემატკივრისაც მესმის. წლიდან წლამდე იმდენად მტკივნეული იყო იმის ყურება, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ნაკრებში არაფერი გამოსდის, რომ ამ დროს ტვინი, ფსიქიკა თვითონ იწყებს ალიბის, თავის მოსატყუებელი თუ თავის გასამართლებელი მიზეზების მოფიქრებას. უბრალოდ ვერ იღებ ამ ფაქტს და ქმნი შენთვის სასურველ სცენარს თუ რეალობას. "არასოდეს შეიტანო ეჭვი შენს ღმერთებში" - სწორედ ასეთია ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრის პირველი მცნება.

ეს პერფორმანსი, ეს ძალიან დრამატული და ეპიკური ისტორია სახალხო წარმოდგენაში მხოლოდ მესის კუთვნილებაა.

იმ მარადიულ დავას რომ დავუბრუნდეთ, არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. სტატისტიკურად, ობიექტური კატეგორიებით, ამაზე დავა არც აქამდე შეიძლებოდა: არავის ჰქონია ასე ხანგრძლივი კარიერის პიკი, რომელიც ათ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, არავის აქვს ამდენი ჯილდო და ტიტული მოგებული - მთელი ეს ჩემპიონთა ლიგები და ესპანეთის ჩემპიონატები, არავინ ყოფილა ევროპული ფეხბურთის აბსოლუტურ მწვერვალზე ამდენი ხანი, არავის გაუტანია ამდენი, ასე ხშირად, ასე სტაბილურად და ასეთ მაღალ დონეზე.

დიდიე დროგბას ასეთი ისტორიაც აქვს: როცა ჩელსი მეტოქეს ეთამაშებოდა, მაშინდელი მწვრთნელი რობერტო დი მატეო ჩვეულებრივ მეტოქის საუკეთესო გოლეადორების სტატისტიკას აცნობდა გუნდს. ჩვეულებრივ იყო ასეთი დიალოგები: რუნი - 20 გოლი, ვან პერსი - 25 გოლი და ა.შ. ბარსასთან თამაშის წინ დი მატეომ უცებ გამოაცხადა, რომ მესის 60-ზე მეტი გოლი ჰქონდა შეგდებული. მთელ გუნდს სიცილი აუტყდა. 60 გოლი, ჩვეულებრივ, მთელი გუნდის, კარგი პრემიერლიგის გრანდის სეზონური სტატისტიკაა. აქ ერთ კაცს ჰქონდა გატანილი.

მარადონას ჩემპიონთა თასზე ორი უსახელო ასპარეზობა აქვს და მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა ლეოს შედეგიანობასთან. იგივე ითქმის ზიდანზე, რომელსაც კარიერაში იმდენი აქვს გატანილი, რამდენიც მესის ალბათ ერთ სეზონში გაჰქონდა, რონალდოს კარიერის პიკი ტრავმებმა და უდისციპლინობამ შეამცირა და არც მისგან გვახსოვს მოგებული ჩემპიონთა ლიგები. მეტიც, იტალიიდან ისე წავიდა, "სკუდეტო" არ მოუგია.

ერთადერთი, მესის მასშტაბურობასთან ახლოს ლეგენდარული პელე შეიძლება იყოს - მისი პიკი სულ მცირე 12 წელი გაგრძელდა, ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ლიდერი 1958-შიც და 1970-შიც, ორივე მუნდიალის ფინალში გოლი აქვს შეგდებული. მისი ლეგენდად თუ მითად ქცეული 1000 გოლიც იმას ნიშნავს, რომ პელეს სტაბილურად ბევრი გაჰქონდა. თუმცა, არის ერთი დიდი ‘მაგრამ’ - ერთია სანტოსთან ერთად ბრაზილიის შტატის პირველობებზე თამაში და მეორე წლიდან წლამდე კრიშტიანოს რეალთან, ბაიერნთან, ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედთან, ჩელსისთან და იუვენტუსთან ომები.

თითქოს არცერთი ობიექტური თუ სტატისტიკური მაჩვენებლით მესის კონკურენტი არ შეიძლება ჰყავდეს. თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ობიექტურ კატეგორიებს არ აღიარებს. გულშემატკივართა ემოციებში, ხანგრძლივ, ათწლეულების პერსპექტივაში უფრო დიდი მომენტები, მუნდიალის ეპიზოდები რჩება, ვიდრე 60-გოლიანი სეზონი საკლუბო დონეზე.

ვინმეს ახსოვს, როგორი სეზონი ჰქონდა მარადონას 1986 წელს? არა, თუმცა მისი გოლი ინგლისთან დიეგოს ლეგენდის უმთავრესი კომპონენტია. ვინმეს ახსოვს ზიდანის წითელი ბარათი საუდის არაბეთთან და ის ფაქტი, რომ მას ფინალამდე არ გაუტანია? არც არავის. იმიტომ, რომ ისტორიას ზიდანის ორი თავური შემორჩა ფინალში. ზემოთ, იმავე ზიდანის 2006 წლის სეზონი ვახსენე. ზიზუს სტანდარტისთვის ცუდი სეზონი იყო, მაგრამ ისტორიას მისი თამაში შემორჩა სუპერვარსკვლავურ ბრაზილიასთან, როცა მან ყველას აჩვენა, რომ მის თაობაში, მის ეპოქაში მასზე დიდი არავინ იყო.

ამ ლეგენდას, რომელიც თაობას, ისტორიას ყველაზე მეტად რჩება, უპირველეს ყოვლისა სწორედ მუნდიალის მომენტები ქმნის - მარადონას ზღაპრული პლეი ოფი და ჩემპიონობა, ტრავმებით გატანჯული რონალდოს მკვდრეთით აღდგომა და დუბლი ფინალში, ზიდანის თავურები, პელეს სამგზის (რეალურად ორგზის) ჩემპიონობა.

50-იანებში არავის მოუგია იმაზე მეტი და იმაზე სტაბილურად, ვიდრე ალფრედო დი სტეფანოს და მის რეალს. თუმცა, პელეს ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უფრო მეტად ფასობს, ვიდრე დი სტეფანოს მთელი ეს დომინაცია რეალთან ერთად. ვერაფერს ვიზამთ - ფეხბურთს ეს ათვლის კატეგორიები აქვს. მუნდიალს სხვა წონა და სხვა ფასი აქვს.

რა ჰქონდა კატარის მუნდიალამდე მესის ამ კუთხით?! არც არაფერი. მეტსაც ვიტყვი: დავუშვათ, 2014 წელს არ გაეშვა არგენტინას ის გოლი მარიო გიოტცესგან და პენალტებში მუნდიალი მოეგო, ექნებოდა მესის თავისი მუნდიალის ჯადოქრობა, თავისი ლეგენდა? არა, მას ექნებოდა ჩემპიონობა, თუმცა არა ლეგენდა, არა თავისი ისტორია. სწორედ ამიტომ, ამ დავაში ყველა დროის ყველაზე დიადის შესახებ, მესის საწინააღმდეგო ერთადერთი, მაგრამ ძალიან წონადი არგუმენტი სწორედ ნაკრებს და მსოფლიო ჩემპიონატებს უკავშირდებოდა.

ლეო 2022 წლის მუნდიალს ამ მოცემულობით შეხვდა. შემდეგ დაიწერა ის ისტორია, რომელსაც ყველაზე წარმოუდგენელ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდით. ხანდახან მართლა მგონია ხოლმე, რომ ფეხბურთს რაღაც არაამქვეყნიური ძალები მართავენ. ეს შემთხვევაც ასეთი იყო. ლეო და არგენტინა მთელი მათი მრავალწლიანი ტანჯვისათვის ამ არაამქვეყნიურმა ძალებმა არამხოლოდ გამარჯვებით, არამედ ყველაზე დრამატული და გმირული ისტორიით დაასაჩუქრა.

ეს იყო ჯორდანის წარმოდგენა პიპენის გარეშე, ეს იყო ბეტმენის ბრძოლა რობინის გარეშე.

რას ნიშნავს გმირობა?! პირველ რიგში, საკუთარ თავზე მაღლა დადგომას, კრიტიკულ მომენტში სხვა სიმაღლეზე ასვლას. მესიმ მუნდიალზე ის თამაში აჩვენა, რომელიც ბოლო სეზონებია აღარ უჩვენებია. ფიზიკურად არ შეიძლება 35 წლის ასაკში ასეთ თამაშს მისგან სისტემატიურად ველოდოთ. მუნდიალზე მან შეძლო და კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, მაშინაც კი, როცა ბუნებრივად, ფიზიკურად, ლოგიკურად, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ჰოლივუდურ ფილმებში ლეგენდა რომ ერთხელ, ბოლოჯერ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავისი თავის საუკეთესო ვერსიას იპოვის, ასეთი ისტორია იყო.

არაფერი ხდის საგმირო ისტორიას უფრო დიდს, ვიდრე იმის განცდა, რომ ეს ბოლო შანსია, ბოლო შესაძლებლობაა და მეტი ცდა უბრალოდ აღარ გექნება. მესის შემთხვევაში ეს სცენარიც ახდა - ყველამ ვიცოდით, რომ ის თავის ფინალურ მუნდიალზე მიდიოდა და პირადად მისი და არგენტინის სანაკრებო წყევლის მოხსნის ბოლო ბრძოლას ვუყურებდით.

ამის განცდა მთელ არგენტინასაც ჰქონდა. სრულიად არგენტინა ფსონს ამ შანსზე, ამ ფინალურ ომზე ჩამოვიდა. სწორედ ამიტომაც, ათიათასობით არგენტინელმა ყველაფერი გაიღო და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ყველაფერი ქნა, კატარში რომ მოხვედრილიყო. "ალბისელესტეს“ ქომაგი ტრიბუნებზე უმრავლესობაში, ათიათასობით იყო. სრულიად არგენტინას ჰქონდა ამ მომენტის, მესის ფინალური ბრძოლის, ისტორიულობის, ეპიკურობისა და მასშტაბურობის განცდა. ყველას უნდოდა, რომ ამ ამბის ნაწილი ყოფილიყო, შვილიშვილებისთვის სათქმელი ჰქონოდა, რომ ის იქ იყო.

გმირობა გულისხმობს დაბრუნების ისტორიასაც, პრობლემიდან, კრიზისიდან თავის დახსნის ამბავსაც. თუ გაიხსენებთ, ყველა კარგ წიგნსა თუ ფილმში ასეა - გმირი კუთხეში უნდა იყოს მიყენებული და თავისი აღმასვლა ყველაზე რთული მომენტიდან დაიწყოს. აღმასვლა პირველ ეტაპზე აუცილებლად დაცემასაც გულისხმობს. პირველ შეხვედრაში, საუდის არაბეთთან შოკური მარცხის და მექსიკასთან აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, არგენტინა სწორედ მესის გოლით დაბრუნდა. სწორედ ამ გოლით დაიწყო "ალბისელესტემ" საკუთარი თავის და თავისი თამაშის პოვნა. სკალონის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, ლეომაც ბურთი უბრალოდ აიღო და შორეული დარტყმით გაიტანა. ეს გმირის დაბრუნების თუ აღმასვლის კლასიკური ამბავი იყო.

გმირობა თავისი არსით მარტო ყოფნის ხელოვნებაც არის. კოლექტიური გმირი არ არსებობს. ლეგენდას ინდივიდი ქმნის. მარტო ყველას წინააღმდეგ - ეს არის ყველაზე კარგი მოცემულობა იმისთვის, რომ საკუთარი ლეგენდა დაწერო. გასაგებია, რომ სკალონის ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა და ემი მარტინესიდან დაწყებული ხულიან ალვარესით დასრულებული, ამ გუნდში სულ მცირე რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშე თამაშობდა. ზოგადად, ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდის გარეშე ვერაფერს იზამ. გასაგებია, მარტივია, ტაქტიკურად, საფეხბურთო რეალობის გათვალისწინებით, ასეა. თუმცა, ლეგენდის შექმნის თვალსაზრისით ეს მესის პირადი ჩემპიონობა იყო. ამ გუნდში არავინ იყო, ვისაც მესი თავის ლეგენდას გაუნაწილებდა. ეს პერფორმანსი, ეს ძალიან დრამატული და ეპიკური ისტორია სახალხო წარმოდგენაში მხოლოდ მესის კუთვნილებაა. ეს იყო ჯორდანის წარმოდგენა პიპენის გარეშე, ეს იყო ბეტმენის ბრძოლა რობინის გარეშე. ყველაზე ახლოს ამასთან ისევ დიეგოს 1986 წლის ისტორიაა - ისტორია, რომელიც დიეგოს პირად, მარტო ჩემპიონობად შემორჩა პოპულარულ ნარატივს. ორივე შემთხვევაში დაცვითი, კარგად აწყობილი, მუშა და მებრძოლი გუნდი, რომელიც თავისი ლიდერისთვის თავს შეაკლავს და მათი წინამძღოლი, რომელიც ზეადამიანურ რამეებს აკეთებს ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტებში იმისთვის, რათა ადამიანები ჩემპიონებად აქციოს, მათ უკვდავება მისცეს.

ლეომ ამ მუნდიალზე 7 თამაშში 7 გოლი გაიტანა. მექსიკასთან გოლს პლეი ოფში ავსტრალიასთან სწრაფი გოლი მოჰყვა, რომელმაც დაასრულა მესის ძალიან უსიამოვნო უგოლო სერია მუნდიალის პლეი ოფებში. ამ გოლმა თამაში გახსნა და არგენტინას შეხვედრის კომფორტულად წარმართვის შესაძლებლობა მისცა. შემდეგ იყო მეოთხედფინალში ორი პენალტი - ეპიკურ ომში ნიდერლანდებთან, თამაშის დროს და მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში და ჯადოქრული საგოლე პასი ნოელ მოლინაზე. პასი, რომელიც გოლზე უკეთესი იყო. სრულიად სამართლიანად დარჩება ეს გადაცემა ხორხე ბურუჩაგაზე დიეგოს ცნობილი პასის გვერდით - 1986-ის ფინალში. გასაგებია, რომ დატვირთვა და მნიშვნელობა დიეგოს პასის უფრო დიდი იყო (ბოლო წუთები ფინალში), თუმცა ტექნიკურად, ლეოს პასი უფრო რთულად შესასრულებელი გახლდათ.

ხორვატიასთან, ნახევარფინალში ისევ მესიმ გახსნა ანგარიში პენალტით. და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მუნდიალზე პენალტების გატანა იოლია, ძალიან ცდებით. ჰკითხეთ ეს რობი ბაჯოს, პლატინის ან სოკრატესს, ჯადოქრებს, რომელთა პენალტებიც მეტოქის კარში არ გავიდა.

მერე იყო ფინალი, დაძაბულობით და დრამატულობით წარმოუდგენელი შეხვედრა, თამაში, რომლის ტელევიზორში ყურების შემდეგაც კი დაღლილი ხარ, იმდენად ბევრი ემოცია და განცდა დახარჯე. ლეომ ფინალში სამი გაიტანა - ორი თამაშიდან, ერთიც პენალტების სერიაში. არაფერი იყო იმაზე სიმბოლური, როცა დამატებით დროში, თამაშის ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადმოვარდნილი ბურთი ისევ ლეოს ფეხებთან აღმოჩნდა.

ამ მუნდიალის შემდეგ მესის პირად ისტორიაში არ არის არცერთი "მაგრამ" და "თუმცა". ყველა იმ ლოგიკურ კატეგორიას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მან თავისი ლეგენდა დაამატა, თავისი პირადი სამუნდიალე ისტორიაც შექმნა. ახლა, მას უკვე აქვს არამხოლოდ რიცხვების და სტატისტიკის ძალა, არამედ ეპიზოდის, თავგადასავლის, მომენტის დრამა და ხიბლიც. კარგად აწყობილ, მონუმენტურ რომანში მან ეპოსის დრამატულობაც დაამატა. მისი ისტორია ახლა უნაკლოა - კარიერის ბოლო ეტაპზე მან თავისი ისტორიის ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი სცენარის თავი დაწერა. ამ თავს ის 35 წლამდე ელოდებოდა.

ისტორიას ყველაზე მეტად ეს თავი შემორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები