- მატჩის შემდეგ მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა
- ტენ ჰაგის აზრით, მსაჯები შეხვედრის ბოლოს შეცდნენ
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის შეხვედრაში ბრაიტონთან სტუმრად 99-ე წუთზე პენალტიდან გაშვებული გოლით, 0:1 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, ლივერპულს ოთხეულში შესვლის შანსი გაუჩნდა - "წითელი ეშმაკები" მერსისაიდულ კლუბს 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ერთ-ერთ ეპიზოდში, სანამ კუთხური დაინიშნებოდა, რომელსაც პენალტი მოჰყვა, ლუკ შოუ დაჯარიმდა. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ პრესკონფერეციაზე სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსაჯები შეცდნენ. ნიდერლანდელი სპეციალისტი წაგებას, პირველ რიგში, თავის გუნდს აბრალებს - მისი აზრით, ფეხბურთელებმა შანსები უნდა გამოიყენონ და მსგავსი შეცდომები არ უნდა დაუშვან.
"ოდნავ არ გაგვიმართლა, რადგან ჯარიმა, რომელსაც კუთხური მოჰყვა, არ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. ხელით თამაში იყო. მე გაბრაზებული იმიტომ ვარ, რომ კუთხურამდე ჯარიმა არ უნდა დაენიშნათ. მარცხი მსაჯების ბრალი არ არის, ჩვენი შანსები უნდა გამოგვეყენებინა და ისეთი შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, როგორიც ბოლო წამებზე დავუშვით. ყველაფერი ჩვენ ხელშია. ეს მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იყო და განვითარება უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ტენ ჰაგმა.
ინგლისის პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედს 5 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. შემდეგ ტურში, 7 მაისს ტენ ჰაგის გუნდი ვესტ ჰემს ესტუმრება.
კომენტარები