Thumbnail
  • 📅 7 მაისი | 🏟 Prudential Center, ნიუ ჯერსი | ⌚ 07:00 | ⚽ სტერლინგი V სეხუდო
  • ალჯამეინ სტერლინგი UFC-ის ქამრის მესამედ დაცვას შეეცდება
  • ჰენრი სეხუდო 3-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება

UFC ნიუ ჯერსიში 4 წლის შემდეგ ბრუნდება და ამჯერად, საღამოს მთავარ ბრძოლაში ადგილობრივი სპორტსმენი, ალჯამეინ სტერლინგი იჩხუბებს. ალჯოს მეტოქე ოლიმპიური და UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო იქნება. თუმცა ამ მატჩის გარდა, 7 მაისის გამთენიისას რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება - გილბერტ ბარნსისა და ბელალ მუჰამადის ჩხუბში ქვესაშუალო წონის ქამრის პრეტენდენტი გამოვლინდება, ხოლო გრეისების ცნობილო ოჯახის წარმომადგენელი კრონ გრეისი ოქტაგონს შარლ ჟურდენთან ბრძოლაში დაუბრუნდება. 

სტერლინგი ტიტულის მესამედ დაცვას შეეცდება, ჩელენჯერი კი სეხუდო იქნება, რომელსაც სუპერმსუბუქი წონის ქამარი ტექნიკურად არასდროს დაუკარგავს - უბრალოდ, ჰენრი დომინიკ კრუზის დამარცხების შემდეგ სპორტიდან წავიდა, ახლა კი ბრუნდება და ისევ ჩემპიონობა სურს.

ორი აზრი არ არის, სეხუდოს რეზიუმე საბრძოლო სპორტის სახეობებში ერთ-ერთი საუკეთესოა: 2008 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე 21 წლის ასაკში გაიმარჯვა, შემდეგ MMA-ში წავიდა, მოიგო ყველაზე მსუბუქი და სუპერმსუბუქი წონის ქამრები - არ აქვს მნიშვნელობა სეხუდო წააგებს თუ არა, მას ამ სპორტში დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მაგრამ ამ ჩხუბის წინ მთავარი შეკითხვა ის გახლავთ, თუ როგორ ფორმაშია ამერიკელი ახლა და როგორ იმოქმედა მასზე 3-წლიანმა უქმობამ. აი, ალჯოს კი დასამტკიცებელი აქვს: პიოტრ იანთან გამართულმა ორმა ჩხუბმა და ხელამოვარდნილ თი ჯეი დილაშოუსთან გამარჯვებამ სტერლინგს ის სახელი ვერ მოუტანა, რისთვის იამაიკელი იბრძვის. 


ობიექტურად რომ შევხედოთ, ამ მატჩის ანალიზი და პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. რასაკვირველია, სეხუდო ბრწყინვალე მოჭიდავეა და სტერლინგის პარტერში გადაყვანა ადვილად შეუძლია, რადგან ალჯო თეიქდაუნებისგან თავს მხოლოდ 41%-ით იცავს. ერთია გადაყვანა და მეორეა რას აკეთებს "ტრიპლ სი" პარტერში დომინირებისას - მას კონტროლი და გრაუნდ-ენდ-პაუნდ შეუძლია, მაგრამ ფინიშის საფრთხე სეხუდოს მხრიდან დაბალია. მეორე მხრივ, სტერლინგი ძალიან მაგარი გრეპლერია და მეტოქეზე გაცილებით დიდი წვდომის გამო საგრძნობი უპირატესობა ექნება. შესაძლოა ჰენრიმ რამდენიმე თეიქდაუნი განახორციელოს და მოწინააღმდეგის გაკონტროლებაც შეძლოს, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, რომ პარტერში ალჯოზე დომინირება მოახერხოს.

თავად ჰენრი თეიქდაუნებისგან თავს 93%-ით იცავს, სტერლინგი კი 15 წუთში საშუალოდ 2-ჯერ ახერხებს მეტოქეების ძირს გადაყვანას, თუმცა სეხუდოსთან ჩხუბში რამდენად წარმატებული იქნება, ეს საკითხავია. არ გამოვრიცხოთ, რომ ალჯოს წარმატებაში ხელი ამ ფაქტორმა შეუშალოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მეტოქის ზურგი ალჯამეინმა თეიქდაუნის გარეშეც აიღოს, ამ შემთხვევაში იამაიკელი ძალიან სახიფათო იქნება. აი, თუ ჩხუბი დიდი ხნის მანძილზე დგომში გაგრძელდა, საკუთარი უპირატესობა ორივე მებრძოლს ექნება. 

შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ ვფიქრობ, სტრაიკინგში უპირატესობა ალჯოს მხარესაა. მისი სტატისტიკა ძალიან კარგია - საშუალოდ, წუთში მეტოქეს 4.7-ჯერ ურტყამს, მას კი 2.18-ჯერ ხვდება და თავს 61%-ით იცავს. სტერლინგს წვდომაში სეხუდოსთან 18-სანტიმეტრიანი უპირატესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰენრის დისტანციის აღმოფხვრა მოუწევს. დისტანციის შენარჩუნება სტერლინგს ძალიან კარგად შეუძლია, ამასთანავე, მეტოქის მოახლოების გარდაუვალობიდან გამომდინარე, ალჯო შემხვედრ პასუხზე აუცილებლად იმუშავებდა. ამიტომ არის დიდი შანსი, რომ დარტყმებში უპირატესობა ალჯამეინს ექნება.


სეხუდომ დომინიკ კრუსთან ჩატარებულ ბოლო ჩხუბში მეტოქეს ფეხები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რაც სტერლინგთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი შეიძლება იყოს, მაგრამ ამის გასაკეთებლად ალჯოს თავში უნდა მოარტყას, რათა შესაფერისი მომენტების მიღება შეძლოს. ამ ყველაფრის გაკეთება ჰენრის ნამდვილად შეუძლია. "ტრიპლ სი" მაღალი დონის მოკრივეა, წუთში მოწინააღმდეგეებს 3.92-ჯერ ურტყამს, თავად 2.77 დარტყმას უშვებს და თავს 65%-ით იცავს.

ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ცვლადია, განსაკუთრებით სეხუდოს მხარეს, რაც მისი 3-წლიანი პენსიონერობით არის გამოწვეული. ბუქმეიქერების აზრით, ჩხუბში ფავორიტი არ არის და ორივე სპორტსმენს გამარჯვების მოპოვების თანაბარი შანსი აქვს, რაც, მინიმუმ, საკამათოა.

ჰენრი 36 წლისაა, 3 წელი მატჩი არ ჩაუტარებია და ნაკლებად სავარაუდოა, ოქტაგონს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდეს. ამის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქილების კომბინაციით, ასაკითა და ზომებით ალჯამეინ სტრლინგი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ვისთანაც "ტრიპლ სის" აქამდე უჩხუბია. სეხუდოს გამარჯვების მოპოვების შანსი აქვს, მაგრამ ის ალჯოს შანსის თანაბარი არ არის.

სავარაუდოდ, ბრძოლა დგომაში უფრო მეტ ხანს შედგება, ვიდრე პარტერში. ცხადია, თუ სტერლინგმა სეხუდო საბმიშენით არ დააფინიშა. თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, წინ საკმაოდ თანაბარი მატჩი გველოდება და სულაც არ არის გამორიცხული, საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდეს.


ძალიან საინტერესო იქნება ბელალ მუჰამადისა და გილბერტ ბარნსის დაპირისპირებაც. ბელალი ძალიან ტექნიკური მებრძოლია, რომელსაც რაუნდების მოგებაზე ორიენტირებული სტილი აქვს. "დურინიო" მრავალმხრივი სპორტსმენია, დარტყმებშიც ძლიერია და გრეპლინგშიც. მათ შორის გამარჯვებული ლეონ ედვარდსა და კოლბი კოვინგტონს შორის მოგებულს ქამარზე ეჩხუბება. ბრაზილიელი 36 წლისაა, პალესტინელი 34-ის და შესაძლოა ეს მათ კარიერაში საჩემპიონო ჩხუბის ჩატარების ბოლო შანსი იყოს. ამიტომ, არ გამოვრიცხოთ, რომ საღამოს ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი სწორედ ეს დაპირისპირება გამოვიდეს.

საინტერესო იქნება კრონ გრეისის ხილვა. კრონი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ერთ-ერთი შემქმნელის, ჰელიო გრეისის შვილიშვილი, ცნობილი ჯიცერისა და MMA-ს მებრძოლის, რიკსონ გრეისის შვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ კრონის ერთ-ერთი მწვრთნელი ნეით დიაზი გახლავთ. 34 წლის გრეისის კარიერაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მათგან 5 დანებებით მოიგო, ერთში კი ქაბ სვანსონთან დამარცხდა. კრონმა ბოლოს 2019 წელს იჩხუბა და ახლა ოქტაგონს შარლ ჟურდენთან ბრძოლაში უბრუნდება. კანადელი ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობი მებრძოლია - სწორედ მასთან უნდა ჩაეტარებინა მატჩი ილია თოფურიას, თუმცა ქართველი ჩხუბს წონის კლების პროცესში არსებული პრობლემების გამო ჩაეხსნა. ამ ბრძოლაში გრეპლერისა და სტრაიკერის დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც ნამდვილად საინტერესო იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიუ ჯერსიში ქვემსუბუქი წონის დაუმარცხებელი მებრძოლი, მოვსარ ევლოევიც იჩხუბებს. ინგუშის მეტოქე ორგანიზაციის ბრაზილიელი დებიუტანტი დიეგო ლოპეში იქნება.

წინ საკმაოდ საინტერესო საღამო გველოდება. ტურნირი 7 მაისის გამთენიისას, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება, ხოლო მთავარ ქარდზე ბრძოლები 06:00 საათიდან გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები