Thumbnail

მოულოდნელი ამბავი - ყველაზე მძიმეწონოსანმა სუმოისტმა კარიერა დაასრულა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

30 წლის მონღოლმა სუმოისტმა იჩინოჯომ ინტაი გამოაცხადა. ინფორმაცია იაპონიის სუმოს ასოციაციამ გაავრცელა, რაც ყველასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ "იჩის" დიდი ხსნის განმავლობაში ზურგის ქრონიკული ტრავმა აწუხებდა, რომლის მოშუშება ბოლომდე ვერ მოახერხა. 

არადა, მონღოლ გოლიათს კარიერაში საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა, იგი მარტის ბაშოზე ჯურიოს გამარჯვებული გახდა (14:1) და მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნდა. იჩინოჯომ სუმოს სამყაროში საკმაოდ ხმაურიანად შეაბიჯა, მას დებიუტი მაკუშიტას დივიზიონში 2014 წელს ჰქონდა და ზუსტად 4 ბაშოს შემდეგ უმაღლეს დივიზონში აღზევდა, თანაც, პირველივე ბაშოზე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში ჰაკუჰოსთან დამარცხდა. საინტერესოა, რომ მაშინ ლეგენდარულმა სუმოისტმა იჩინოჯოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას ფიზიკურად ყველაზე ძლიერი მონღოლიც კი უწოდა. 

2022 წლის ნაგოია ბაშოზე"იჩი" იუშოს მფლობელი გახდა

იჩინოჯო სუმოს სამყაროში სამუდამოდ შევიდა, მან 2022 წელს ნაგოია ბაშოზე 
იმპერატორის თასი აღმართა, ჯურიოს დივიზიონში ჩემპიონობა კი 2-ჯერ იზეიმა. გარდა ამისა, მონღოლმა სუმოისტმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), ერთხელ კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი) და 9-ჯერ კინბოში (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის). "იჩიმ" სეკივაკეს რანგში 8 ბაშო ჩაატარა და წლების განმავლობაში ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტის სტატუსსაც ატარებდა, მისი მაქსიმალური წონა 225 კილოგრამი იყო. 

შეგახსენებთ, სუმოს საგაზაფხულო სუპერტურნირი 14-იდან 28 მაისის ჩათვლით ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანში ჩატარდება. ქართველი რიკიში ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოში რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში იჭიდავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები