Thumbnail
  • პოპულარულ საბრძოლო სიმულატორში მესამე ქართველი გამოჩნდა
  • თამაშში ილია თოფურიას საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს

EA Sports-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ თამაშში მესამე ქართველი დაამატეს - გიგა ჭიკაძისა და მერაბ დვალიშვილის შემდეგ საბრძოლო სიმულატორში ილია თოფურიაც გამოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლს თამაშში საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. მისი გრეპლინგი 4 ვარსკვლავით შეფასდა, სტრაიკინგი - 5-ით, ხოლო გამძლეობა - 4.5-ით. საერთო ჯამში, ილიას რეიტინგი 5-იდან 4.5 ვარსკვლავია. UFC 4-ს განახლების შემდეგ სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანიც დაემატება. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში EA-მ თამაშში ჯერ გიგა ჭიკაძე დაამატა, რომლის რეიტინგი 4 ვარსკვლავით შეფასდა, 2022 წლის დეკემბერში კი სიმულატორში მერაბ დვალიშვილიც გამოჩნდა. "ქართველ მანქანას" 4.5 ვარსკვლავი მიანიჭეს. 

ფრენჩაიზის პირველი სერია 2014 წელს გამოვიდა. EA Sports ყოველი ორი წლის შემდეგ ახალ სერიას გვთავაზობდა, წელს კი მომხმარებლები UFC 5-ის გამოსვლას ელოდნენ, რადგან მათი აზრით, თამაშის “გეიმპლეი” უკვე მოძველებულია. ჯერჯერობით, კომპანია ახალ თამაშთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, მანამდე კი გართობა გიგა ჭიკაძის, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას არჩევითაც შეგვიძლიათ. UFC 4 PlayStation 4-სა და Xbox one-ის პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი.

UFC 4 შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაზეა დაფუძნებული. თამაშს აქვს კარიერული რეჟიმი, რომლის მიზანია, მოთამაშეს MMA-ის ოთხი დისციპლინის საფუძვლები ასწავლოს. ესენია: კრივი, კიკბოქსინგი, ჭიდაობა და ჯიუჯიცუ. ამ რეჟიმის მეშვეობით, მოთამაშე საკუთარ მებრძოლს ქმნის და მიზნად ისახავს, ის ყველა დროის საუკეთესოდ აქციოს.

კომენტარები

ბოლო ამბები