Thumbnail

'სხვა არჩევანი არ მაქვს' - ნადალი რომის მასტერსზეც ვერ გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბოლო დღეებში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა, ეს საკმარისი არაა'
  • ესპანელ ჩოგბურთელს ოფიციალური მატჩი იანვრის შემდეგ არ ჩაუტარებია

36 წლის ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი რომის მასტერსზეც (სტარტს 10 მაისს აიღებს) ვერ იასპარეზებს, ეს კი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მის საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლის საკითხს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა, ეს საკმარისი არაა. უკვე არაერთი თვეა საჭირო დონეზე არ მივარჯიშია და დრო კიდევ მჭირდება, რათა სასურველი ფორმა დავიბრუნო. არ მაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ არსებულ მდომარეობას შევეგუო და მუშაობა გავაგრძელო”, - დაწერა რაფამ ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა ბარძაყის ტრავმა იანვარში გამართულ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და მას მერე ოფიციალური მატჩები აღარ ჩაუტარებია. პირველადი ვერსიით, მკურნალობას 6-8 კვირა უნდა დასჭირვებოდა და თებერვლის მიწურულს ვიდეოც გაჩნდა მალიორკადან, სადაც რაფაელის ვარჯიში იყო ასახული.

შედეგად, ნადალის ქომაგებს იმედი მიეცათ, რომ საყვარელ ჩოგბურთელს საქმეში მალე იხილავდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. რაფა ჯერ მონტე კარლოს მასტერსიდან მოეხსნა, კორტზე არც ბარსელონასა და მადრიდის მასტერსებზე გამოჩენილა და ახლა, მისი რომის მასტერსზე ასპარეზობაც გამორიცხა. 

ყველასთვის ცხადია, რომ ესპანელი ჩოგბურთელის უმთავრესი მიზანი როლან გაროსისთვის დაბრუნებაა, რომელიც მას კარიერაში 14-ჯერ აქვს მოგებული (ტურნირის მოქმედი ჩემპიონიცაა), თუმცა, შესაბამისი პრაქტიკის გარეშე, პარიზში მისგან რას უნდა ველოდეთ, რთული სათქმელია. შარშანდელი ტურნირის ფინალში რაფამ ნორვეგიელი კასპერ რუუდი 6:3. 6:3, 6:0 გაანადგურა.

კომენტარები

ბოლო ამბები