- ფილადელფია 102:114 ბოსტონი
- სელტიქსმა ჯეისონ ტეიტუმის ლიდერობით მატჩი მოიგო და სერიაში დაწინაურდა
ფილადელფიაში, "ტი-დი გარდენზე" გამართულ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე შეხვედრაში, სიქსერსი სელტიქსს დაუპირისპირდა და 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ამ მოგებამ შარშანდელ ფინალისტ ბოსტონს სერიაში წინ გასვლის საშუალება მისცა - 2:1.
მატჩის დაწყების წინ ფილადელფიის ლიდერი, რეგულარული სეზონის MVP ჯოელ ემბიიდი დააჯილდოვეს. სიქსერსის ვარსკვლავს ჯილდო ლიგის კომისიონერმა ადამ სილვერმა გადასცა.
რაც შეეხება თამაშს, ემბიიდმა ფილადელფიელებს ვერც ამჯერად უშველა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე საუკეთესო იყო. კამერუნელმა ცენტრმა 30 ქულა, 13 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. ამ მატჩში ჯოელი ყურადღების ცენტრში არასაკალათბურთო, უფრო საბრძოლო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ეპიზოდითაც მოექცა. მეოთხე მეოთხედში სიქსერსის ვარსკვლავმა თავი ვერ შეიკავა და ძირს დაცემულ გრანტ უილიამსს შემთხვევით ფეხი თავზე დააბიჯა. შედეგად, ბოსტონის ფორვარდმმა სახე პარკეტს დაარტყა, დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

სიქსერსში ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯეიმს ჰარდენსაც, რომელმაც თამაში 16 ქულითა და 11 პასით კი დაასრულა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შეტევაში ჰარდენი ძალიან არაეფექტური იყო - თამაშიდან შესრულებული 14 სროლიდან მხოლოდ 3-ის რეალიზება მოახერხა.
სტუმართა რიგებში გამორჩეული ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. კარგი თამაში გამოუვიდათ ჯეილენ ბრაუნსა (23 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი) და ელ ჰორფორდსაც (17 ქულა, 7 მოხსნა).
სერიის მეოთხე დაპირისპირება ისევ ფილადელფიაში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 7 მაისს, 23:30 სთ-ზე დაიწყება.
კომენტარები