Thumbnail

'ეს არანორმალური და მტკივნეულია' - ალეგრიმ ნაპოლის ჩემპიონობა მაინც მიულოცა

  • იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ნაპოლის წარმატებას გამოეხმაურა
  • სპეციალისტის თქმით, სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა
  • ტურინელები მომავალ სეზონში სერია a-ს მოგებისთვის იბრძოლებენ 

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ნაპოლის სერია A-ს ჩემპიონობა მიულოცა, თავის გულშემატკივრებს კი დაპირდა, რომ "ბებერი ქალბატონი" მომავალ სეზონში  სკუდეტოს მოსაპოვებლად აუცილებლად იბრძოლებს. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა 33-ე ტურში სტუმრად უდინეზესთან ქულა მოიპოვა (1:1) და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ხვიჩამ და ნაპოლიმ იუვენტუსს ამ სეზონში ორივე თამაში მოუგეს

"როდესაც გუნდი იგებს, ეს ნიშნავს, რომ თავის სიძლიერეს აჩვენებს. რა თქმა უნდა, თითოეულ სეზონს თავისი ისტორია აქვს. არის სეზონები, როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგ აეწყობა, ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ ყველაფერი შენს სასიკეთოდ წარიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაპოლიმ დაიმსახურა სკუდეტო, როგორც ციფრებით, ისე იმ ყველაფრით, რასაც აკეთებდა. უნდა მივულოცოთ მათ. მაგრამ ვიმეორებ, ყოველი ახალი სეზონი უწინდელისგან გასხვავდება და მომავალი წლისთვისაც ბრძოლა თავიდან დაიწყება.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში თავი ამაყად ვერ გიჭირავს. როდესაც იუვენტუსის ღირსებას იცავ, რომელიც ყველა ტურნირზე მოსაგებად იბრძვის, მტკივნეულია წარუმატებლობა. არანორმალურია, რომ უკვე მესამე წელიწადია ჩემპიონატის მოგებას ვერ ვახერხებთ. მომავალ წელს იუვენტუსი ოქროსთვის ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს და შეეცადოს ტიტულის მოპოვებას", - თქვა ალეგრიმ ატალანტასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ალეგრიმ იუვენტუსს სკუდეტო 5-ჯერ მოაგებინა

ტურინის იუვენტუსი 63 ქულით იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ლაციოს, რომელიც მეორე პოზიციაზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 34-ე ტურის შეხვედრას 7 მაისს, სტუმრად ბერგამოში ატალანტასთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები