Thumbnail

პირველი მედლის შანსი - სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 შეხვედრა მოიგო და 1 წააგო
  • ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

დღეს დოჰაში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) ასპარეზობს, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატია.

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და ამისთვის ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება.

სარდალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ზამბიელ საიმონ ზულუს სამი გაფრთხილებით აჯობა.

 

მერვედფინალში გიორგიმ ავსტრიელი მარკუს ოიერი ბრწყინვალე სტილში, ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა.

 

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი ესპანელ გარიგოსთან ნევაზათი დამარცხდა და დასანანი ბრძოლა წააგო.

შედეგად, გიორგი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ნურკანატ სერიკბაეივი გახლდათ, რომელსაც იპონით აჯობა. ამგვარად, სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.

 

შეგახსენებთ, რომ წლეულს მსოფლიოს პირველობას კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. ინდივიდუალური ტურნირი 7-13 მაისს შედგება, 14-ში კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ამ დროისთვის ტურნირზე 99 ქვეყნის 660-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული.

შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში შედგა და იქ ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები