Thumbnail

დამსახურებული ბრინჯაო! გიორგი სარდალაშვილის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
  • ბრინჯაოს მედლისთვის გიორგიმ ბელგიელი მეტოქე 10-წუთიან ბრძოლაში დაამარცხა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი იყო, მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს გაეჯიბრა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. სარდალაშვილი მთელი ბრძოლის განმავლობაში აქტიურობდა, მისი მეტოქე კი აშკარად დაიღალა და საბოლოოდ, ქართველმა 3 გაფრთხილებით დამსახურებულად მოიგო.

 

როგორ მივიდა სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე: 19 წლის ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ზამბიელ საიმონ ზულუს სამი გაფრთხილებით აჯობა. მერვედფინალში გიორგიმ ავსტრიელი მარკუს ოიერი ბრწყინვალე სტილში, ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი ესპანელ გარიგოსთან ნევაზათი დამარცხდა და დასანანი ბრძოლა წააგო. შედეგად, გიორგი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ნურკანატ სერიკბაეივი გახლდათ, რომელსაც იპონით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მსოფლიოს პირველობას კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. ინდივიდუალური ტურნირი 7-13 მაისს შედგება, 14-ში კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ამ დროისთვის ტურნირზე 99 ქვეყნის 660-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული.

შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში შედგა და იქ ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები