Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 116:115 ბოსტონ სელტიკსი
  • ჯეიმს ჰარდენმა თავის გუნდს მეორე შეხვედრა მოაგებინა

ფილადელფია სიქსერსმა ბოსტონ სელტიკსს სერიაში მეორე შეხვედრა მოუგო და ამჯერადაც, გამარჯვებაში მთავარი როლი ჯეიმს ჰარდენმა ითამაშა, რომელმაც ჯერ მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი გეიმვინერი ჩააგდო. დოკ რივერსის გუნდმა Wells Fargo Center-ში "კელტებთან" ზედიზედ მეორე მატჩი გამართა, დრამატულ შეხვედრაში 116:115 ოვერტაიმში მოიგო და სერია გაათანაბრა 2:2.

საწყის მეოთხედში სიქსერსმა მნიშვნელოვანი უპირატესობა (27:19) მოიპოვა, რაც ბოლო მეოთხედამდე შეინარჩუნა. ფილადელფია მესამე პერიოდში 16 ქულითაც კი იგებდა და თითქოს მათთვის ეს მარტივი გამარჯვება უნდა ყოფილიყო, მაგრამ სელტიკსმა თამაში შემოატრიალა და ბოლოს მოგების შანსიც ჰქონდა. მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე ბოსტონი 2 ქულით იგებდა, მაგრამ ჯეიმს ჰარდენმა თავისი გუნდი ამჯერადაც გადაარჩინა და შესანიშნავი მოძრაობის შემდეგ შესრულებული ფლოუტერით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით ხუთწუთეულშიც საქმე ბოლო წამებამდე მივიდა. ბოსტონი 2 ქულით იგებდა და 26 წამით ადრე შეტევაში ჯოელ ემბიიდი იყო, რომელზეც ორმაგი დაცვის შედეგად ჰარდენი პერიმეტრზე მარტო დარჩა და გეიმვინერი ჩააგდო. ამის შემდეგ, ბოლო შეტევაში მარკუს სმარტმაც მოახერხა სამქულიანის ზუსტად სროლა, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო.

ჯეიმს ჰარდენს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა - ის სამმაგი დუბლის ზღვარზე იყო და 42 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ჯოელ ემბიიდს 34 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. ჯეისონ ტეიტუმს 24 ქულა და 18 მოხსნა დაუგროვდა, ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე კი 23 ქულაა.

ამ გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები