Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია, ნეაპოლი და მთელი კამპანიის მხარე იტალიის ნანატრ ჩემპიონობას ზეიმობს. კვარამ და კომპანიამ "სკუდეტო" ოფიციალურად გასულ ხუთშაბათს გაიფორმეს, კვირას კი, ფიორენტინასთან საშინაო მატჩის (1:0) შემდეგ, ნეაპოლელებმა 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული ტიტული ძალიან ემოციურად იზეიმეს. გასული უიკენდი განსაკუთრებით წარმატებული იყო კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელისთვის: გიორგი მიქაუტაძისთვის და ზურიკო დავითაშვილისთვის. დოჰაში კი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და პირველსავე დღეს გიორგი სარდალიშვილმა მედალი მოიპოვა. შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში.


კვარა | ნეაპოლი ზეიმობს, ხვიჩას კონტრაქტი მზადაა

ფიორენტინასთან მატჩში ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენება გადაწყვიტა და ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ პირველივე ტაიმში დასჭირდა: ტაიმის მიწურულს ირვინგ ლოსანო დაშავდა და ის სწორედ კვარამ შეცვალა. და მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ნაპოლის თამაში შეცვალა, არაერთი დრიბლინგი გააკეთა და სწორედ მისი მოპოვებული პენალტი გაიტანა ოსიმენმა, რითაც ნეაპოლელებმა თამაში მოიგეს. მერე იყო ემოციური ზეიმი, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ამბავია, რაზეც "კორიერე დელო სპორტი" წერდა: ხვიჩას და ნაპოლის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული აქვთ, რომლის თანახმად, ზაფხულში ქართველი ვარსკვლავი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 1 წლით გახანგრძლივდება, 2028 წლის ზაფხულამდე.

📋 | ყველა სიახლე ხვიჩა კვარაცხელიაზე ნახეთ აქ.

მიქაუტაძე | თვის საუკეთესო და მორიგი დუბლი

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მეცის 22 წლის ფორვარდი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურების შანს უნარჩუნებს, საიტმა MaLigue2-მა გამოარჩია, რომელიც საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში საუკეთესოებს ყოველი თვის შემდეგ ავლენს. ზოგადად, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს. 34 შეხვედრაში გატანილი 22 გოლით ის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის სათავეშია. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიორთან მოგებულ შეხვედრაშიც (3:1) დუბლი შეასრულა, რის გამოც ფრანგული მედიის შექება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

📋 | მიქაუტაძის გოლები და მისი თამაშის გამოხმაურება ნახეთ აქ.

დავითაშვილი | 3 ქულა ზურიკოს გოლით

ბორდოში იჯარით მოთამაშე ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში მეოთხე, ბოლო სამ თამაშში კი მეორე გოლი გაიტანა და ელიტაში აღზევებისთვის მებრძოლ თავის გუნდს კაენთან საშინაო შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა - 1:0.  

📋 | დავითაშვილის გოლი ნახეთ აქ.

ძიუდო | პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სარდალაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი იყო, მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს გაეჯიბრა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

NBA | ჰარდენი, ბატლერი, დევისი...

NBA-ს მეოთხედფინალური სერიები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ფილადელფია სიქსერსმა ბოსტონ სელტიკსს სერიაში მეორე შეხვედრა მოუგო და ამჯერადაც, გამარჯვებაში მთავარი როლი ჯეიმს ჰარდენმა ითამაშა, რომელმაც ჯერ მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი გეიმვინერი ჩააგდო. მაიამის ჯიმი ბატლერი დაუბრუნდა, ჰიტმა ნიუ იორკ ნიქსს მარტივად მოუგო და 2:1 დაწინაურდა. Chase Center-ში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი სახლში 127:97 გაანადგურა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 25 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა.

📋 | NBA-ს პლეი ოფის სიახლეებს თვალი ადევნეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები