Thumbnail
  • ფინიქს სანსი 129:124 დენვერ ნაგეტსი
  • იოკიჩი ვერ გააჩერეს, მაგრამ ფინიქსმა მაინც მოიგო

ესეც ასე: ამ სერიაში ყველაფერი თავიდან იწყება!

ფინიქს სანსმა დენვერ ნაგეტსს მეოთხე მატჩშიც შეტევების ფოიერვერკი შესთავაზა, 129:124 მოგებულ მატჩში კევინ დურანტი და დევინ ბუკერი ისევ შეუჩერებლები იყვნენ, ნიკოლა იოკიჩის 53-ქულიანი თამაში გადაფარეს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

ორივე გუნდმა შესანიშნავი კალათბურთი ითამაშა - ჯამში 253 ჩაგდებული ქულა ვიხილეთ. მარტო იოკიჩმა 53 ქულა (20/30) ქულა დააგროვა, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. ორგზის MVP-ს 11 ასისტიც ჰქონდა. ჯამალ მარი 28 ქულაზე ავიდა (13/25, 7 ასისტი). ააროგ გორდონმა (11), მაიკლ პორტერმა (10) და კენტავიუს კოლდუელ-პოუპმაც (10) ორნიშნა შედეგები დააფიქსირეს.

ფინიქსიდან საუკეთესოები ბუკერი და დურანტი იყვნენ - 36-36 ქულით. ბუკერმა 12 ასისტიც შეასრულა და 18-დან 14 ჩააგდო, დურანტმა - 19-დან 11. გარდა ამისა, 34 წლის სუპერვარსკვლავმა 13 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გააფუჭა. მეორე მატჩისგან განსხვავებით, როცა 10 ქულამდე ბუკერის და დურანტის გარდა არავინ ასულა, ამჯერად მათ კარგად ეხმარებოდა ლენდრი შემეტი, რომელმაც 19 ქულა (5/8 სამქულიანი) დააგროვა.

სწორედ შემეტი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. პირველ მატჩში მან მხოლოდ 14 წუთი ითამაშა და 3 ქულა მიითვალა, მეორე შეხვედრაში საერთოდ არ იყო, მესამეში კი 25 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა შემატა გუნდს, ახლა კი, მეოთხე დუელში მან მოულოდნელად 19 ქულა ჩააგდო (30 წუთში). მეოთხე მეოთხედში მის აქტივში 4 ზუსტი სამქულიანი გახლდათ. აი, დეანდრე ეიტონი კი ისევ ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. დრაფტის ყოფილი პირველი ნომრისთვის 27 წუთში 8 მოხსნა და 8 ქულა ცოტაა.

ნიკოლა იოკიჩი მხოლოდ მესამე ცენტრია პლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 50 ქულა ჩააგდო. ბოლოს ეს ბობ მაკადუმ შეძლო 70-იან წლებში, უფრო ადრე კი უილტ ჩემბერლენმა…

იოკიჩი ვერ გააჩერეს, მაგრამ ფინიქსმა მაინც მოიგო...

“მას ნებისმიერ სტილში შეუძლია ჩაგდება, ყველაფერი გამოსდის,” - ეს სანსის მთავარი მწვრთნელის, მონტი უილიამსის სიტყვებია იოკიჩის შესახებ.

“ვცდილობ, თამაშები მოვიგო. ეფექტიანობა ჩემთვის სულერთია, უბრალოდ ვაგრძელებ ბრძოლას, შეტევას და აგრესიულ თამაშს. როცა თავისუფალ სროლებს ვიღებ და ვაგდებ, სწორედ ესაა, რაც უნდა გავაკეთო,” - აღნიშნა დევინ ბუკერმა.

მოკლედ, სერიაში ანგარიში თანაბარია (2:2). დენვერსა და ფინიქსს შორის მეხუთე მატჩი 10 მაისს, დენვერში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები