Thumbnail
  • 📅 9 მაისი | 🏟 სანტიაგო ბერნაბეუ | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V მანჩესტერ სიტი
  • ამ გუნდებს შორის დუელს უფრო დრამატულს გასული სეზონის ნახევარფინალი ხდის
  • მანჩესტერ სიტი ამ დაპირისპირებას საოცარ ფორმაში ხვდება
  • ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ბენზემასა და ვინისიუსის წყვილია

ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, რეალი და სიტი, ანჩელოტი და გვარდიოლა, ბენზემა და ჰაალანდი, მოდრიჩი და დე ბრუინი - ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს, სწორედ ამ დაპირისპირებაშია. მოკლედ, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს და წინ დიდი სანახაობა გველოდება.

ამ გუნდების შეხვედრას უფრო დრამატულს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ხდის, სადაც "სამეფო კლუბმა" "ქალაქელებს" საოცარი მატჩი დაუტრიალა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

მადრიდის რეალი ბოლო დროს ინგლისური გუნდების მრისხანე მეტოქედ იქცა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მან ჯერ ლონდონის ჩელსი გამოაგდო, შემდეგ მანჩესტერ სიტი, ბოლოს კი ლივერპულს მოუგო. ამჯერად, "სამეფო კლუბმა" ჩელსის და ლივერპულის ბარიერი გადალახა, მანჩესტერ სიტის კი, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად შეხვდება.

ანჩელოტის გუნდი ამ შეხვედრას ცუდ ფორმაში ხვდება - რეალმა ბოლო 4 მატჩიდან 2 დათმო. მიუხედავად ამისა, ლიგის მოქმედი ჩემპიონები სახლში კარგად თამაშობენ და სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო 7 თამაშიდან 6 აქვთ მოგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალმა ბოლო შეხვედრა კოპა დელ რეიზე გამართა, სადაც ფინალში ოსასუნას დაუპირისპირდა, 2:1 მოიგო და თასსაც დაეუფლა.

გასულ ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსმა ბენზემას 5 საგოლე პასი გაუკეთა

იტალიელ სპეციალისტს შემადგენლობაში არაერთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორზე. გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბენზემას 5 საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც ორ ფეხბურთელს შორის კომბინაციის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა თანაგუნდელი ორჯერ მოამარაგა და მათ შორის ბოლოს, ლონდონის ჩელსისთან შეხვედრაში. 

გვარდიოლას და ინგლისურ კლუბს რევანში სურთ და ყველაფერთან ერთად, მათ შემადგენლობაში ერლინგ ჰაალანდიც ჰყავთ, რომელიც საოცარ ფორმაშია. ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგაში უიღბლობა ცალკე ამბავია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მანჩესტერ სიტი ასეთი არასდროს ყოფილა. გუნდს სუსტი წერტილი ფაქტიურად არ აქვს და ყველაფერთან ერთად, სეზონის ბოლოს ფორმაშიც შევიდა. "ქალაქელებმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგეს. პეპის გუნდმა ლონდონის არსენალსაც გადაასწრო და ქულებს თუ არ დაკარგავს, ინგლისის ჩემპიონატს კიდევ ერთხელ მოიგებს.

ანჩელოტის მთავარი თავსატეხი ჰაალანდი-დე ბრუინის წყვილია

ესპანელი მწვრთნელის მთავარი იარაღი ერლინგ ჰაალანდია, რომელსაც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. კევინ დე ბრუინზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია - ბელგიელ ფეხბურთელს ორივე ტურნირზე 21 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ერთი სიტყვით, ანჩელოტისთვის მთავარი პრობლემა სწორედ ეს წყვილია, რომლის განეიტრალებაც მიმდინარე სეზონში ყველა გუნდისთვის მთავარი თავსატეხია.

საინტერესო ფაქტები

🟠 თუ სიტი მოიგებს, ის გახდება პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ორ გასვლით შეხვედრაში დაამარცხებს.

🟠 ამ გუნდებს შორის ბოლო ოთხ შეხვედრაში 17 გოლი გავიდა.

🟠 სიტი და რეალი ევროპულ ტურნირებზე მე-9-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს, გასული მატჩებიდან 2 ფრედ დასრულდა, დანარჩენი 6 შეხვედრიდან კი გუნდებმა 3-3 მოიგეს.

🟠 ინგლისურ კლუბებს რეალთან ბოლო 18 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 4 აქვთ მოგებული (სიტი, ლივერპული, არსენალი, ჩელსი).

🟠 ამ გუნდების ბოლო 4 მატჩში სიტიმ კარში 31-ჯერ დაარტყა, საიდანაც 29% გოლი გავიდა, ესპანელების შემთხვევაში კი 17 დარტყმიდან 47%.

🟠 გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია, ბოლოს მან ეს ბარსასთან ერთად შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუა, კარვახალი, რუდიგერი, ალაბა, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, როდრიგო, ბენზემა ვინისიუსი.

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, აკანჯი, დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი, ბერნარდო სილვა, ჰაალანდი, გრილიში. 

კომენტარები

ბოლო ამბები