Thumbnail

ძიუდო | მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტმა ერთადერთი მარცხი იაპონელ ჰიფუმი აბესთან განიცადა
  • კვარცხლბეკზე ასასვლელად ვაჟა მარგველაშვილი მონღოლ მეტოქეს გაეჯიბრება

29 წლის ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს (ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება).

მარგველაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ესტონელი ოსკარ პერტელსონი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვებას მხოლოდ გოლდენ სქორში მიაღწია, სადაც ვაზარი მოიპოვა.


ვაჟას იოლი გასეირნება არც მერვედფინალში ჰქონია, სადაც მონღოლი ერხემბაიარ ბატოგტოხი ვაზარიზე ორთაბრძოლის დასრულებამდე 6 წამით ადრე დასცა.


საქართველოს ნაკრების წევრის წარმატებული სვლა მეოთხედფინალში შეწყდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჰიფუმი აბე იყო. მარგველაშვილს იაპონელთან ძიუდოისტთან ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი ჰქონდა წაგებული და რევანშის აღება ვერ მოახერხა. ჰიფუმუმ ვაჟა ვაზარიზე 2-ჯერ დასცა.


ამგვარად, მარგველაშვილი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი იაგო აბულაძე იყო. ამ შემთხვევაში, ქართველი ძიუდოისტის უპირატესობა აშკარა გახლდათ: მან აბულაძეს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი, იპონზეც დაანარცხა.


ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში მარგველაშვილის მეტოქე მონღოლი ბასხუუ იონდონ პერენლეი იქნება. მე-2 ბრინჯაოსთვის სამხრეთკორეელი ბაულ ანი და ფრანგი ვალიდ ხიარი იბრძოლებენ, ფინალი კი იაპონური იქნება: აბეს პირისპირ იოშირო მარუიამა დადგება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოს მედალი უკვე მოპოვებული აქვს. გუშინ კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები