Thumbnail
  • ვაჟა მარგველაშვილი მონღოლ ძიუდოისტთან შებოჭვით დამარცხდა
  • ხვალ ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო. მარგველაშვილი რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის გაეჯიბრა და "გოლდენ სქორში" შებოჭვაზე მოჰყვა.

დილის სესიაში ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელი ოსკარ პერტელსონი და მონღოლი ერხემბაიარ ბატოგტოხი ვაზარიზე დასცა, მეოთხედფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან თავად გაუშვა 2 ვაზარი, რეპეშაჟის პირველ რაუნდში კი ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი იაგო აბულაძე დააიპონა.

ამგვარად, მსოფლიოს პირველობაზე ქართულ დელეგაციას ისევ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. გუშინ კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოახერხა, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს აჯობა.

ხვალ, მსოფლიოს ჩემპიონატის ტატამიზე ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. კაცთა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ ნომრად არის განთესილი, თუმცა, წილისყრაში არ გაუმართლა, რადგანაც დიდი ალბათობით, სასტარტო შეხვედრაშივე იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს პირველ რაუნდში მაროკოელი ჰასან დუკალის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

ქალთა 57 კგ-მდე წონაში ეთერ ლიპარტელიანი ასევე მე-2 წრეშია დაშვებული და გვინეელ მაჰ ბანგურასა და ჩინელ ქი საის შორის უმჯობესს დაელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები