Thumbnail

NBA | კონფერენციის ფინალი ერთ ნაბიჯშია! მაიამის ბატლერმა და ადებაიომ მოაგებინეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაიამი ჰიტი 109:101 ნიუ იორკ ნიქსი
  • მაიამი სერიაში 3:1-ს იგებს

ერთი მოგებაც და მაიამი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავა - ბოლო 4 წელიწადში მესამედ. ნიუ იორკთან მეოთხე თამაში ჰიტმა 109:101 მოიგო. იმიტომ, რომ მეოთხე პერიოდში ნიქსმა ვეღარაფერი მოხსნა…

მატჩის ბოლო დაძაბული იყო, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში რეალური დაძაბულობა არ იგრძნობოდა. მთელი 48 წუთის მანძილზე მაიამი ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ მაქსიმუმ 11 ქულით იგებდა.

არც ჯიმი ბატლერი თამაშობდა ისე დომინანტურად, როგორც მანამდე, მაგრამ მაინც შეძლო 27 ქულის ჩაგდება (9/17), 10 ასისტის შესრულება და 2 ჩაჭრის გაკეთება. თუმცა აქ ისიც სათქმელია, რომ მას თანაგუნდელები შესანიშნავად ეხმარებოდნენ - განსაკუთრებით ბემ ადებაიო (23 ქულა, 10/17, 13 მოხსნა), რომელმაც შეტევაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მაქს სტრუსმა (16 ქულა) 4 სამქულიანი ჩააგდო, კაილ ლოური (15 ქულა, 4/6) დაცვაში იყო ძვირფასი.

განსხვავება საბოლოო ჯამში სამქულიანებში (13:9 მაიამის სასარგებლოდ) და მეოთხე პერიოდში შეტევაში გაკეთებულ მოხსნებში იყო (7:1 მაიამის სასარგებლოდ). 

ნიუ იორკიდან საუკეთესო ისევ ჯეილენ ბრანსონი გახლდათ (32 ქულა, 10/21, 11 ასისტი). ჯულიუს რენდლმა 20 ქულა დააგროვა (8/13, 9 მოხსნა), თუმცა 6 დაკარგვა ჰქონდა.

4 თამაშის შემდეგ მაიამი სერიას 3:1-ს იგებს. მე-5 მატჩი 11 მაისს, ნიუ იორკში შედგება და თუ ჰიტი იქაც მოიგებს, კონფერენციის ფინალს გაინაღადებს - როგორც თავიდანაც ვთქვით, მესამედ ბოლო 4 წელიწადში.

კომენტარები

ბოლო ამბები