Thumbnail

ფრანგული მეცის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე არაერთი ევროპული კლუბის ინტერესის სფეროშია და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის შემდეგ, ახალ გუნდში ვიხილავთ.

როგორც Sports Journal წერს, მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა სერბულ გრანდ ცრვენა ზვეზდასაც სურს, თუმცა, ტრანსფერი ალბათ ვერ შედგება, რადგანაც ბელგრადელებს 22 წლის ქართველი თავდამსხმელის ყიდვისთვის საკმარისი ფული არ გააჩნიათ. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

"ცრვენა ზვეზდამ ვადაზე ადრე გაიფორმა ზედიზედ მეექვსე საჩემპიონო ტიტული სერბეთში და დუბლის შესრულების კარგი შანსიც აქვს, რადგანაც ქვეყნის თასის ნახევარფინალშიც არის გასული. ცრვენა ზვეზდას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს თამაში, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ გუნდში გაძლიერებაზე ფიქრობენ. ერთ-ერთი ვარიანტი მეცის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა, თუმცა, როგორც სჩანს, ეს ტრანსფერი ვერ შედგება. მიზეზი იოლი მისახვედრია. მიქაუტაძეს საფრანგეთში გოლი გოლზე გააქვს და მისი ფასიც ლამის ყოველდღიურად იზრდება. ქართველ ლეგიონერს ყველა ტურნირის 36 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს, კონტრაქტი კი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი საბაზრო ფასი 6 მილიონი ევროა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მეცი მის სანაცვლოდ მინიმუმ ორმაგ თანხას მოითხოვს”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ბოლო 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სულ კი, ჩემპიონატში უკვე 22 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. მეცს 62 ქულა აქვს და სამი ქულით ჩამორჩება მეორე პოზიციაზე მყოფ ბორდოს (ელიტაში სწორედ 2 მოწინავე გადადის). მიქაუტაძის გუნდი შემდეგ ტურში, 13 მაისს, გრენობლს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები