Thumbnail

თორნიკე შენგელია სერია A-ს ბოლო ტურის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სერია A-მ ვირტუსის ქართველო ფორვარდი 30-ე ტურის სიმბოლურში დაასახელა
  • ვირტუს ბოლონია და შენგელია ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებენ 

თორნიკე შენგელიამ და მისმა ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს და ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ. ბოლო, 30-ე ტურში ბოლონიელებმა ვარეზე დაამარცხეს (98:82), ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით 30-ე ტურის საუკეთესო ხუთეული გამოავლინა და სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სწორედ საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი აღმოჩნდა. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა ვირტუსის ვეტერანი ფორვარდი მარკო ბელინელი.

თოკოს სერია A-ში საშუალოდ 12.1 ქულა, 6.1 პასი და 3 მოხსნა ჰქონდა

ვირტუს ბოლონიამ რეგულარული სეზონი 23 მოგებით და 7 მარცხით, მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა მოქმედ ჩემპიონ ოლიმპია მილანოს. 1/4-ფინალში შენგელიას გუნდის პირველი მეტოქე ბრინდიზია, რომელთანაც პირველ შეხვედრას 13 მაისს, სტუმრად ჩაატარებს. სერია სამ მოგებამდეა. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ვირტუსში შარშან გაზაფხულზე, მოსკოვის ცსკა-ს დატოვების შემდეგ გადავიდა და კლუბთან ერთად ჯერ ევროთასი, შემდეგ კი იტალიის სუპერთასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები