- ბოლოს NBA-ში ასეთი ამბავი ლებრონ ჯეიმსის მისვლამდე იყო
- ვემბანიამა უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე კალათბურთელია
- ფრანგის კარიერა ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლო სეზონში ყველაფერი გამოსწორდა
- გადამწყვეტი ფაქტორი ორგანიზაცია, გუნდი და სამწვრთნელო სტაფი იქნება
UPDATE: დღეს ღამე NBA-ს 2023 წლის დრაფტი გაიმართება, რომელიც მაყურებელში დიდ ინტერესს იწვევს. დიდი ალბათობით, საუკუნის ტალანტად წოდებულ ვიქტორ ვემბანიამას სან ანტონიო სპურსი აირჩევს, რომელმაც დრაფტის ლატარია მოიგო და პირველი პიკის უფლებაც მოიპოვა. ასევე ცნობილია, რომ ტექსასელების მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი რჩება, რომლისთვისაც ასევე საინტერესო იქნება ფრანგ კალათბურთელთან მუშაობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვიქტორ ვემბანიამას მეტროპოლიტანს 92 საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში მონაკოსთან სერიაში 0:3 დამარცხდა.
"უცხოპლანეტელი", - ასე დაახასიათა ლებრონ ჯეიმსმა კალათბურთის ფრანგი ამომავალი ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა და თუ მის ფიზიკურ მონაცემებს გადავხედავთ, რთულია, "მეფეს" არ დაეთანხმო. ზოგადად, ყველა ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც NBA-ს გუნდები დრაფტამდე აკვირდებიან, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა და ხანდახან, ეს ზედმეტად გაზვიადებულია ხოლმე. თავიდან იფიქრებ, რომ ვემბანიამას შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ ყოველი მისი თამაშის შემდეგ რწმუნდები, რომ ის ამ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
"ლებრონ ჯეიმსი დრაფტზე ვიქტორ ვემბანიამასთან ერთად რომ ყოფილიყო, მეორე ნომრად აირჩევდნენ", - ეს კი რიჩარდ ჯეფერსონის სიტყვებია, რომელიც წლების განმავლობაში კლივლენდში ლებრონის თანაგუნდელი იყო. საკალათბურთო ავტორიტეტების საქებარ სიტყვებს ბოლომდე რომ ჩამოვუყვეთ, დიდი დრო დაგვჭირდება, შესაბამისად, მოდი ვემბანიამას ფენომენზე ვილაპარაკოთ, რომელზეც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები უკვე ნადირობენ. მოკლედ, NBA დიდი ხანია ახალ "მომავალს" ელოდება და თუ ვემბის დავაკვირდებით, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა - რატომაც არა?
ვემბანიამას სიმაღლე
19 წლის ცენტრის ფიზიკური მონაცემები ცალკე გამოსარჩევია. ვემბის გამოჩენისთანავე, მისმა სიმაღლემ ონლაინ-ბუმი გამოიწვია. ის 225 სანტიმტერია, მისი ხელების გაშლის სიგრძე კი თითქმის 244 საინტიმეტრი, ამ მხრივ ფრანგი NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ორ კალათბურთელს, ტაკო ფოლსა (250 სმ) და მანუტე ბოლს (262 სმ) ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი იქნება, ვისაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უთამაშია.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ვემბანიამას ტექნიკური უნარები ყველა ვარიანტში გაგაკვირვებთ. შეტევაში და დაცვაში ფარქვეშ თამაშთან ერთად, დრიბლინგის ხარჯზე, მას თავისი თავის სასროლზე გაყვანაც შეუძლია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ სროლის კარგად შესრულებაც. საკალათბურთო მანერებითა და აღნაგობით მას მედიაში კევინ დურანტის ადრეულ წლებსაც ადარებენ. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, სადაც ვემბანიამას მთელი საკალათურთო არსენალი არის თავმოყრილი. გამთამაშებლისთვის დამახასიათებელი ჰენდლინგითა და სთეფ ბექის შესრულების შემდეგ, ის პერიმეტრიდან ისვრის ბურთს, ბოლოს კი ხსნის და ჰაერშივე ტენის კალათში.
საკლუბო კარიერა
ვიქტორ ვემბანიამასთვის პირველი პროფესიონალური კლუბი ნანტერ 92-ია, რომელსაც ფრანგი კალათბურთელი 2019 წელს შეუერთდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2021 წლის ივნისში ვემბი ასველში გადავიდა, რომლის მფლობელიც სან ანტონიო სპურსისა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული კალათბურთელი, ტონი პარკერია. ახალ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშის კარიერა ცუდად განვითარდა, მან სეზონის დასაწყისი ამოუცნობი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, შემდეგ კი თითი მოიტეხა. ვემბი ცოტა ხანში დაბრუნდა, მაგრამ მალევე მხარი დაიზიანა. ერთი წლის შემდეგ მან კუნთის ტრავმა მიიღო, მისმა თანაგუნდელებმა კი საგრანგეთის პირველი ლიგის ტიტულის მოპოვება მოახერხეს.
2022 წელს ვემბანიამა მეტროპოლიტანს 92-ში გადავიდა, სადაც შესაძლებლობა მიეცა საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვენსან კოლესთან ემუშავა. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვემბანიამამ ახალ გუნდში უდიდესი ნაბიჯი გადადგა. სეზონის დაწყებამდე მან ლას ვეგასში 2 საგამოფენო მატჩი გამართა NBA-ს G ლიგის გუნდ იგნაითთან, სადაც კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი, სკუტ ჰენდერსონი თამაშობს. ეს მატჩები უდიდეს ინტერესს იწვევდა, რადგან დრაფტის სავარაუდო პირველ და მეორე არჩევანს ერთმანეთის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ვემბანიამა საშუალოდ 36.5 ქულას, 7.5 მოხსნასა და 4.5 დაფარებას აგროვებდა, თამაშიდან კი 50% სიზუსტით ისროდა (საშუალოდ 4.5 სამქულიანი).

ფრანგმა 2022/23 წლების სეზონში მეტროპოლიტანს 92-ის შემადგენლობაში საშუალოდ 21.6 ქულას, 10 მოხსნასა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.
სანაკრებო კარიერა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 19 წლის კალათბურთელმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ვემბანიამას შესანიშნავი სტატისტიკაც ჰქონდა - მის ანგარიშზე საშუალოდ 20.3 ქულა, 10 მოხსნა და 2.7 დაფარებაა. ყურადღება კვლავ უნდა მივაქციოთ მისი პერიმეტრიდან სროლის მაჩვენებელსაც - მისი სამქულიანების 53% კალათში ვარდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ვემბანიამა მრავალმხრივ ნიჭიერი და უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე კალათბურთელია.
ვემბის აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთი ჯგუფში ლატვიასთან, კანადასთან და ლიბანთან ერთადაა. კანადა NBA-ს არაერთი ვარსკვლავითაა დაკომპლექტებული, შესაბამისად მას მსოფლიოზე მინი-ტესტის გავლა მოუწევს.

უარყოფითი მხარე
ერთადერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ვემბანიამას კარიერის განვითარებას, არის ტრავმები. NBA-ს ისტორიაში 221 სანტიმეტრზე მაღალი 26 კალათბურთელი იყო, აქედან 7-ს ჰქონდა აღსანიშნავი კარიერა: იაო მინს, რალფ სემფსონს, არვიდას საბონისს, ზიდრუნას ილგაუსკასს, რიკ სმიტს, მარკ იტონს და კრისტაპს პორზინგისს. ამ სიიდან უმეტესობამ მატჩების დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა და ეს არის საკითხი, რომელიც ვემბანიამას შემთხვევაში საყურადღებოა.
ასევე მნიშვნელოვანია წნეხი და ფსიქოლოგიური ასპექტი. ლებრონი ლებრონია და წლების განმავლობაში მედიის მხრიდან წნეხს უძლებს, მაგრამ ვემბანიამას შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს ფაქტორი ბუნდოვანია.
დრაფტი და სავარაუდო გუნდები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლებრონის შემდეგ ასეთი ამბავი არცერთ კალათბურთელზე ყოფილა. NBA-ს ყველა გუნდს სურს ვემბანიამას თავის შემადგენლობაში ხილვა, მაგრამ საინტერესოა, ვის აქვს შანსი, ლატარიის შედეგად დრაფტზე პირველი პიკი მოუწიოს. ეს შესაძლოა თავად ფრანგი კალათბურთელისთვისაც გადამწყვეტი იყოს. მისი განვითარება და დიდ მოთამაშედ ჩამოყალიბება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი კი სწორი ორგანიზაცია, გუნდი და სამწვრთნელო სტაფია.
ჰიუსტონ როკეტსის მფლობელმა, ტილმან ფერტიტამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვემბანიამას დასამატებლად "უნდა ილოცონ". იმ დროისთვის ტექსასურ გუნდს ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა. მისდა სამწუხაროდ, დრაფტის პიკები მხოლოდ რეგულარული სეზონის შედეგებით არ განისაზღვრება. პოზიციებს, საბოლოო ჯამში, ლატარია განსაზღვრავს, რომელიც ლიგამ 1985 წელს შემოიღო. 14 გუნდი, რომელიც ვერ შეძლებს პლეი ოფში გასვლას, ლატარიაში იღებს მონაწილეობას, აქედან სამს 14% აქვს შანსი, რომ პირველი პიკი მიიღოს. პირველი ოთხი გუნდი ლატარიის შედეგად განისაზღვრება, დანარჩენი 10 კი გუნდების რეგულარულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით (უარესიდან უკეთესამდე).
რეგულარული სეზონის შედეგად გაირკვა, რომ სამი ყველაზე ცუდი გუნდი დეტროიტ პისტონსი, სან ანტონიო სპურსი და ჰიუსტონ როკეტსია, რომლებსაც შესაბამისად პირველი პიკის მიღების 14% შანსი ექნებათ, 12.5% კი შარლოტ ჰორნეტსს ერგო. ამ გუნდებიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ დეტროიტს ჰქონდა პირველი პიკის უფლება (2021 წელს). ამ მხრივ ყველაზე იღბლიანი გუნდი 2007/08 სეზონის ჩიკაგო ბულსია, რომელმაც რეგულარული სეზონი 33 მოგებითა და 49 მარცხით დაასრულა და 1.7% შანსი მიიღო. ჩიკაგოს ლატარიის შედეგად გაუმართლა და პირველ ნომრად მომავალი "ყველაზე ახალგაზრდა MVP", დერიკ როუზი აიყვანა - NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე კალათბურთელი, რომლის კარიერაც ძალიან უიღბლოდ განვითარდა.

NBA-ს 2023 წლის დრაფტის ლატარია 16 მაისს არის დაგეგმილი, დრაფტი კი ბრუკლინში, Barclays Center-ში 22 ივნისს გაიმართება.
ერთი სიტყვით, ფრანგ კალათბურთელს მთელი NBA ელოდება, მასზე დასაკვირვებლად ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2022 წელს საფრანგეთის ლიგის ტრანსლაციის უფლებაც კი შეიძინა.
ვემბანიამას მონაცემები და შესაძლებლობები გვკარნახობს, რომ ლიგაში კიდევ ერთი პოტენციური სუპერვარსკვლავი მიდის, რომელიც სხვა კალათბურთელებისგან აბსოლუტურად გამოირჩევა, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.
კომენტარები