- ბოსტონ სელტიკსი 103:115 ფილადელფია სიქსერსი
- ფილა სერიაში დაწინაურდა და 3:2-ს იგებს
- ჯეიმს ჰარდენი ისეთ საოცარი ვეღარ იყო
- სამაგიეროდ, ემბიიდმა და მაქსიმ ითამაშეს მაგრად
ამაზე მეტი დრამატულობა ამ სერიაში წარმოუდგენელი იყო: ჯერ ფილადელფია იგებდა, მერე ბოსტონმა ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა და დაწინაურდა, ახლა კი სიქსერსმა მოიგო ზედიზედ ორი და ისევ წინ გავიდა - 3:2.
მეხუთე მატჩში ფილას თამაშზე ფაქტობრივად სრული კონტროლი ჰქონდა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ, 115:103 დაასრულა. ვნახეთ ჯოელ ემბიიდის და ჯეისონ ტეიტუმის მაგარი დუელი 33 და 36 ქულით, თუმცა სეზონის MVP-ს თანაგუნდელები უკეთ დაეხმარნენ.

ემბიიდმა თამაშიდან 10/23 ჩააგდო, ასევე 7-დან 3 სამქულიანი ჰქონდა ზუსტი და საჯარიმოები თითქმის უნაკლოდ ისროლა (10/11). პლუს ამას, ფილადელფიას ცენტრს 7 მოხსნა და 3 ასისტიც ჰქონდა (იქვე, 4 დაკარგვა) და ჯამში 37 წუთში 4 დაფარებაც შეასრულა. ტაირეზ მაქსიმ 12 სამიანიდან 6 ჩააგდო და ამ სერიაში საუკეთესო თამაში ჰქონდა 30 ქულით (10/21) და 3 ასისტით.
“როცა შენი საუკეთესო კალათბურთელი დიდებული ლიდერიცაა და თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, ვალდებული ხარ, შენი ინტენსიურობაც ახალ დონეზე აიყვანო,” - თქვა მაქსიმ მატჩის შემდეგ და ემბიიდის გავლენას გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია, რომ სიქსერსი პირველ 5 წუთში უპრობლემოდ ლიდერობდა და მეორე მეოთხედის შუაში უპირატესობა 19 ქულამდეც აიყვანა. “თამაშში გადაღლილები შევედით, ენერგია გვაკლდა,” - აღნიშნა ჯეილენ ბრაუნმა და დაამატა: “შესაბამისად, დღევანდელი თამაში ფილადელფიასკენ გაფრინდა.”
ჯეიმს ჰარდენი ისევ ახლოს სამმაგ დუბლთან (17 ქულა, 8 მოხსნა, 10 ასისტი), ტობიას ჰარისმა ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 11 მოხსნა). ბოსტონიდან ბრაუნს 24 ქულა ჰქონდა, სმარტს - 14, სხვებმა კი 10-ქულამდე ვერ მიაღწიეს.
მოკლედ, ფილადელფია 3:2-ს იგებს და ძალიან ახლოსაა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალთან. თუ ბოსტონს გააგდებენ, ეს დოკ რივერსს და მის გუნდს დიდ წარმატებად ჩაეთვლებათ. მე-6 მატჩი 12 მაისს, უკვე ფილადელფიაში გაიმართება.
კომენტარები