- რუს ქომაგებს, რომელთაც გეორგიევსკის ლენტები ეკეთათ, ტრიბუნა დაატოვებინეს
- 'ესენიც იტყვიან, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა' - ბელენიუკის ირონიული პოსტი
რუს ქომაგებს, რომლებიც კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს გულზე გეორგიევსკის ლენტებით ესწრებოდნენ, დარბაზში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ Inside the Games ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, რუსებს აღნიშნული სიმბოლიკის მოხსნა მოსთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. IJF ქმედებაზე სწორედ ამის შემდეგ გადავიდა.
“ეს გულშემატკივრები ტრიბუნებიდან გაიყვანეს, რადგანაც ლენტების მოხსნას არ დათანხმდნენ. მათ ასევე განემარტათ, რომ დარბაზში შესვლას ვერ დარჩენილ დღეებში შეძლებენ”, - განაცხადა IJF-ის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გეორგიევსკის ლენტა ბევრისთვის სწორედ რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებშიც აქტიურად გამოიყენებოდა. მისი ტარება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია აკრძალული, რომელთა შორის კატარი არ შედის. რუსულმა ოჯახმა ამ ფაქტით ისარგებლა, თუმცა, რადგანაც მათ საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, IJF-იც იძულებული იყო, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა.
როგორც უკვე ვწერდით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბევრისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო და რუსი ძიუდოისტები მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტების რანგში დაუშვა. არადა, უკრაინულმა მხარემ IJF-ს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსი სპორტსმენების უმეტესობა სხვადასხვა სახით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან იყო დაკავშირებული.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უკრაინელთა პრეტენზია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შემდეგაც ტატამიზე გასვლის უფლება 17 რუს ძიუდოისტს მიეცა. ამ ფონზე, უკრაინის ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
კომენტარები