Thumbnail
  • ოლივერ კანმა ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა
  • მიუნხენელთა შეფმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს ეძებს
  • მან მიულერზეც ისაუბრა, რომელსაც ტუხელი იშვიათად ენდობა

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს? რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ბოლო დროს კითხვა მართლა აქტუალური გახდა და ამ კითხვას ახლა რეკორდმაისტერის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა უპასუხა.

“ეს არ მოხდება!” - უთხრა 53 წლის კანმა ჟურნალ SPORT BILD-ს და დაამატა: “თუკი მართლა მოხდა ისე, რომ თომასმა თვითონ გვთხოვა გაშვება, ამ საკითხზე ძალიან დეტალურად დაველაპარაკები. თომასი ფორმაშია, არასდროსაა ტრავმირებული და ყველამ იცის, როგორი ძლიერი ხასიათიც აქვს. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თომასი კიდევ ძალიან ბევრ მატჩს ჩაატარებს ბაიერნის ფორმით.”

'150 მილიონი ძალიან ბევრია, გარანტია გვჭირდება'

მას შემდეგ, რაც ბაიერნის მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა, მიულერი იშვიათად თამაშობს და უმეტესად შეცვლაზე. გასულ შაბათს, ბრემენის ვერდერთან მოგებულ მატჩში (2:1) ის თამაშში 64-ე წუთიდან, რაიან გრავენბერხის ნაცვლად ჩაერთო. რაკი ბევრი დრო აღარ ეძლევა, დაიწყო სპეკულაციები, რომ შეიძლება მიულერმა მიუნხენური გრანდი დატოვოს. მეტიც: SPORT BILD წერს, რომ თვითონ თომასი ბაიერნიდან წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა. თომასს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე, ანუ კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

მიულერის საკითხის გარდა, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კანს ახალი ცენტრფორვარდის ძიების პროცესზეც დაუსვეს კითხვა. როგორც იცით, მიუნხენელები მზად არიან, ახალი, მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელი შეიძინონ. თუმცა კანმა რეკორდმაისტერის გულშემატკივრების მოლოდინები “დაამუხრუჭა”.

“თუკი ნაპოლის ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენზე ვისაუბრებთ, რომლის ტრანსფერი მთლიანად ალბათ სადღაც 150 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს, ბაიერნის ხელმძღვანელებმა ასეთი კითხვა უნდა დავსვათ: გვაძლევს ასეთი ძვირადღირებული ფეხბურთელი გარანტიას? ვფიქრობ, ოსიმენის ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი რისკი იქნებოდა.” - თქვა კანმა ხვიჩა კვარაცხელიას 24 წლის თანაგუნდელზე.

ბაიერნის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი

აინტრახტის ფორვარდ რანდალ კოლო მუანიზე და ტოტენჰემის ლიდერ ჰარი კეინზე საუბარი კი არ ისურვა: “სხვა კლუბის ფეხბურთელებზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცენტრფორვარდს ნამდვილად ვეძებთ და ბაზარს ვაკვირდებით.” - დასძინა კანმა და ერლინგ ჰაალანდის ამბავიც გაიხსენა: “მის შესაძენად ყველაფერი ვცადეთ და ჩვენივე საზღვრებზე გავედით. ბოლოს ასეთ კითხვამდე მივედით: გვინდა მთელი სახელფასო ფონდის აფეთქება? ამისთვის მზად არ ვიყავით, ეს ბაიერნის საქციელი არ იქნებოდა.”

კომენტარები

ბოლო ამბები