Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდი ლიგა 2-ში ბრწყინავს
  • მეცის ბომბარდირის მიმართ ინტერესი საფრანგეთის ფარგლებს გასცდა
  • იტალიური მედია გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს და თუკი მისი გუნდი ლიგა 1-ში აღზევებას შეძლებს, ამაში 22 წლის თავდამსხმელის წვლილი უდიდესი იქნება. ამ დროისთვის მიქაუტაძე 22 გატანილი გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია და უკვე თამამად შეიძლება ვარაუდის გამოთქმა იმაზე, რომ მომავალ სეზონში გიორგი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში აღარ ითამაშებს - ან მეცი მოიპოვებს ელიტის საგზურს, ან ქართველი ფორვარდი აღმოჩნდება ევროპის რომელიმე ტოპჩემპიონატის კლუბში. 

გიორგიმ ეროვნული ნაკრების 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა

ცნობილია, რომ მიქაუტაძის ტრანსფერს განიხილავს ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურებული ბარნლი და მისი მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი. ფორვარდის მიმართ ინტერესია იტალიაშიც, სადაც მის მომავალს სერია A-ს უდინეზეს უკავშირებენ. 

იტალიურ მედიაში საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც მკითხველს გიორგი მიქაუტაძეს აცნობს. ბუნებრივია, მისი ავტორი პარალელებს ნაპოლის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთანაც ავლებს. 

"კვარაცხელიამ სერია A-ში შთაბეჭდილება პირველსავე სეზონში მოახდინა და მასზე თვალი ევროპის საუკეთესო კლუბებს უჭირავთ. ქართველ ტალანტზე წინადადებები მრავლადაა, მაგრამ დე ლაურენტისი მათ უარით ისტუმრებს. ნაპოლის მფლობელი სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს და საამისოდ გუნდის მთავარი ფიგურების შენარჩუნება სჭირდება. კვარას და ოსიმენის ოქროს დუეტმა კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა. ახლა მსოფლიოს მრავალ კლუბს სურს, გამოიყენოს ჯუნტოლის ტაქტიკა და სცადოს ქართველი ტალანტის აღმოჩენა. ერთ-ერთი მათგანი კვარაცხელიას "ტყუპისცალია".

ზურიკო, ხვიჩა და გიორგი საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან

საქართველო თანამედროვე ფეხბურთის ახალი სამშობლოა. რამდენიმე წლის წინ ვინ იფიქრებდა ამას? ალბათ, ვერავინ, მაგრამ დღეს იქ ტალანტები იბადებიან. არამხოლოდ კვარას გადაჰყავს ჭკუიდან ნახევარი ევროპა. მისი ერთ-ერთი თანამემამულე ძალიან კარგად თამაშობს მეცის მაისურით ლიგა 2-ში. ეს 22 წლის გიორგი მიქაუტაძეა. ის თანამედროვე თავდამსხმელია, რომელსაც შეტევის მთელ ფრონტზე მოქმედება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, კარგად იბრძვის მეორე სართულზე და ზუსტად ურტყამს თავით. მისი საუკეთესო იარაღი კი ძლიერი და მოჭრილი დარტყმაა, რომელიც მას მეტოქის კართან დაუნდობელს ხდის. მას თავისი გოლებით მეცი ლიგა 1-ში დაწინაურებისკენ მიჰყავს. 

კვარაცხელიასთან ერთად ის თავის ეროვნულ ნაკრებშიც საკვანძო მოთამაშეა. მეცს მისი შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. დღეს მისი საბაზრო ფასი არცთუ მაღალია, დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს და ამით სარგებლობა ბევრ კლუბს შეუძლია, მათ შორის უდინეზეს, რომელიც ბეტუს შემცვლელს ეძებს", - წერს ნეაპოლური გამოცემა UCN.

მიქაუტაძის შედეგიან თამაშს ყურადღებას არამხოლოდ საფრანგეთში აქცევენ

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 22 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. მეცის ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში 6 გოლით უსწრებს უახლოეს მდევრებს, სენტ ეტიენისა და ბორდოს საუკეთესო მეგოლეებს, შესაბამისად, ჟან-ფილიპ კრასოსა და ჯოშ მაჯას. მეცი 34 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და 3 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ბორდოს, მომდევნო შეხვედრას კი 13 მაისს, შინ გრენობლთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები