Thumbnail

დოჰაში ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო! 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ მეორედ შეძლო წლის მთავარი ტურნირის მოგება, მან ტაშკენტის წარმატება კატარშიც გაიმეორა, ორივე ფინალში მან ბრწყინვალე ბელგიელი ძიუდოისტი მატიას კასე დაამარცხა.

ტატოს და მატიას კასეს ფინალი დოჰაში

ტატო გრიგალაშვილი პირველი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს სახელით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (თანაც ზედიზედ), თუმცა ტატო არ არის პირველი ქართველი ვინც ეს შეძლო. 1979 წელს პარიზში და 1981 წელს მაასტრიხტში ასევე ზედიზედ ორი მსოფლიო მოიგო თემურ ხუბულურმა (სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის სახელით). 95 კილომდე წონით კატეგორიაში (ახლანდელ -100-ს შეესაბამება) ხუბულურმა ორივე ფინალში ბელგიელი რობერტ ვან დე ვალე დაამარაცხა. ისტორია გამეორდა - ქართულ-ბელგიური ფინალები ზედიზედ ორ მსოფლიოზე დაახლოებით 40-წლიანი ინტერვალით, ორივე ქართველთა გამარჯვებით დასრულებული. 

1979 წელი. პარიზული ფინალი, ხუბულური მსოფლიოს ჩემპიონია

თემურ ხუბულური მოსკოვის ოლიმპიადის (1980) ვერცხლის პრიზიორია. აქამდე ის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი იყო, რომელმაც ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ის ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია, ერთხელ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვან დე ვალე მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულია. ხოლო სეულში (1988) მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხუბულურის "წყალობით" ვან დე ვალე მსოფლიოს ჩემპიონი ვერასდროს გახდა, ორ ვერცხლს მან ხუთი ბრინჯაო დაუმატა, ევროპის ჩემპიონი კი ბელგიელი სამჯერ გახდა (5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო). ვან დე ვალე პირველი ძიუდოისტია, ვინც 5 ოლიმპიადაზე იასპარეზა.

მოსკოვის ოლიმპიადის პოდიუმი: ხუბულური, ვან დე ვალე, ლორენცი, ნიუმანი

ისტორია კიდევ ერთ ასპექტში "გამეორდა" - მოსკოვის ოლიმპიადაზე ხუბულურმა დათმო ვან დე ვალესთან, ისევე, როგორც გრიგალაშვილმა - კასესთან. უბრალოდ, მოსკოვში ეს იყო ფინალური ორთაბრძოლა, ხოლო ტოკიოში - მე-3 ადგილისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები