Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 112:103 მაიამი ჰითი
  • ჯეილენ ბრანსონმა თავის გუნდს 38 ქულით ულიდერა

მაიამი ჰიტს შეეძლო მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გამხდარიყო, რომელიც კონფერენციის ფინალში გავიდოდა, მაგრამ ნიუ იორკ ნიქსმა სახლში 112:103 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:3 გახადა.

ჰიტმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და საწყის მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ტომ ტიბოდოს გუნდმა თამაშის შემოტრიალება მეორე პერიოდშივე შეძლო, რომელშიც რენდლის ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, ნიუიორკელები 3 ქულით წინ გავიდნენ. გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი სხვაობა (19 ქულა) ნიქსმა მესამე მეოთხედში დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, მათ ეს უპირატესობა გამოიყენეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს, სადაც 2000 წლის შემდეგ არ ყოფილან.

ჯეილენ ბრანსონმა ფლორიდული გუნდის წინააღმდეგ 48 წუთი ითამაშა! მან სეზონის გამორჩეულ შეხვედრაში 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. 26 ქულა ჰქონდა არ ჯეი ბარეტს, ხოლო ჯულიუს რენდლის ანგარიშზე 24 ქულაა. 19 ქულა დააგროვა ჯიმი ბატლერმა, რომელიც მაიამის მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ნიქსი ერთადერთი გუნდია NBA-ს ისტორიაში (არსებული პლეი ოფის ფორმატის შემოღების, 1984 წლის შემდეგ), რომელმაც რეგულარულ სეზონში მე-8 ადგილზე გასვლის შემდეგ, კონფერენციის ფინალში გააღწია (1999 წელს), ახლა კი, ამის შანსი მაიამის აქვს.

ამ გუნდებს შორის მე-6 შეხვედრა ფლორიდაში 13 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები