- 'როგორც სჩანს, პარიზის ოლიმპიადაზეც უდიდესი ძალა იქნება'
- როცა ისტორია მეორდება - ქართულ-ბელგიური ფინალები 40 წლის წინ და ახლა
23 წლის ტატო გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება 2-ჯერ მიახერხა. გრიგალაშვილის ტრიუმფი ამჯერად კატარის დედაქალაქ დოჰაში შედგა, სადაც ის ფინალში ლამის მარადიულ მეტოქე ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და ამ შემთხვევაში ძალიან დამაჯერებლად სძლია.
შეგახსენებთ, რომ ეს ძიუდოისტები მსოფლიო პირველობების ფინალებში ზედიზედ მესამედ დაუპირისპირდნენ და თუკი პირველ ჯერზე გამარჯვება ბელგიელს დარჩა, მას მერე უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა. წლეულს, ეს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რადგანაც ტატოს დომინაცია პირველიდან ბოლო წუთამდე აშკარა იყო.
“წინა ფინალებისგან განსხვავებით, ეს ფინალი მოულოდნელად ცალმხრივი გამოდგა. ტატალაშვილმა უკვე პირველ წუთებზე განახორციელა რამდენიმე შეტევა და გდებებთან ძალიან ახლოს იყო. კასე ყველანაირად ცდილობდა, რომ მეტოქისთვის დისკომფორტი შეექმნა და გარკვეული წნეხი თავადაც მოეხდინა, თუმცა, ამაოდ. დაახლოებით მე-3 წუთისთვის ტატომ მატიასის გამოჭერა მაინც მოახერხა, უსწრაფესი იპონ-სეოი-ნაგეთი დააგდო და მეტოქეს მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან მცირე დრო დაუტოვა. ორთაბრძოლის დასრულება და ქართველის შეძახილი ერთი იყო. მან ტიტულის დაცვა მოახერხა და როგორც სჩანს, პარიზის ოლიმპიადაზეც უდიდესი ძალა იქნება”, - წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF).

გამარჯვებულის ვინაონა ეჭვქვეშ არც ევროპის ძიუდოს კავშირისთვის დამდგარა, რომელმაც დაწერა, რომ ქართველი ძიუდოისტი ბელგიელს უბრალოდ ეთამაშებოდა:
“81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში უკეთეს წყვილს, ალბათ, ვერც ვინატრებდით, თუმცა, ამჯერად ბრძოლა ნაკლებად გამოვიდა. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ გრიგალაშვილი კასეს უბრალოდ ეთამაშებოდა: რამდენიმე ილეთი სცადა და ოდნავ არ გაუმართლა. ბელგიელმა ძიუდოისტმა შიდოც მიიღო და ამან აიძულა მცირედით გახსნილიყო, რამაც გრიგალაშვილს დამატებითი უპირატესობა მისცა. ტატომ უსწრაფესი ილეთი განახორციელა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, რაც ნიშნავს, რომ ზურგზე წითელი არშიით კიდევ ერთი სეზონი იასპარეზებს. თუკი 2022 წლის საუკეთესო ორთაბრძოლად გრიგალაშვილისა და კასეს წინა ფინალი აღიარეს, ახლა, ერთი ძიუდოისტის მეორესთან უპირატესობა ძალიან თვალსაჩინო იყო”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე 12 ძიუდოისტით წარსდგა – 9 კაცითა და 3 ქალით. გრიგალაშვილამდე მედლის მოპოვება მხოლოდ 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) შეძლო, რომელმაც სადებიუტო ტურნირზე ბრინჯაო დაისაკუთრა. შედეგად, თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით, საქართველოს ნაკრები კაცთა გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზეა. პირველი იაპონიაა (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).
დღეს, კატარის დედაქალაქში მედლები კაცების 90 კგ-მდე, ხოლო ქალებში 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქართველ ძიუდოისტთაგან ტატამიზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა ბექაური და კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გავლენ, რომლებმაც შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კომენტარები