- მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართულ ფინალს ვიხილავთ
- ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე - 90 კგ.) კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის სესია დაუმარცხებლად განვლეს და საღამოს ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.
22 წლის ლაშა ბექაური პირველ რაუნდში თავისუფალი იყო, მეორეში კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს იპონით აჯობა.
მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი ნემანია მაიდოვი იყო, თუმცა, ლაშას არც მისი დამარცხება გასჭირვებია. სერბს 2 შიდო მიაღებინა და ვაზარიზეც დააგდო.
ბექაურს მეოთხედფინალში ასევე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა მანსურ ლორსანოვის სახით. რუსი ძიუდოისტი მისი თანამემამულეების მსგავსად, მსოფლიოს პირველობაზე ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტის რანგში გამოდიოდა და 3 გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა, ლაშასთან ვერაფერს გახდა. ბექაურმა ის ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.
ნახევარფინალში ბექაური იაპონელ სანშირო მურაოს გადაეყარა და მართალია, ვაზარიზე დაეცა, შემდეგ მეტოქე ვაზარიზე 2-ჯერ თავად დასცა.
25 წლის მაისურაძე ტურნირში ასევე მე-2 წრიდან ჩაერთო და უნგრელი როლანდ გოზი ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.
მერვედფინალში ლუკას მოწინააღმდეგე თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკი იყო და ქართველი ძიუდოისტის უპირატესობა ამ შემთხვევაშიც აშკარა იყო: ვაზარის იპონი მიაყოლა.
მეოთხედფინალში მაისურაძისა და ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდის დაპირისპირება “გოლდენ სქორში” გადავიდა, სადაც მეტოქემ მე-3 შიდო მიიღო.
ნახევარფინალში მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატის შეხვდა და ვაზარის წყალობით აჯობა.
დღეს, ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს და ამგვარად, სულ ბოლოს ქართულ ფინალს ვიხილავთ. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების 2 მედალია. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარები